E.A. Shared Space-ში მარიანა ჭყონიას გამოფენა, სახელწოდებით ‘’ცის ვაზი’’ გაიხსნა, რომელიც 22 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ხელოვანის მეორე სოლო გამოფენაა ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცეში. გამოფენაზე ხელოვანის ტექსტილის ნამუშევრების ახალი სერიაა წარმოდგენილი. მარიანა ჭყონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი ტექნიკით მუშაობდა, აბსტრაქტულ ნამუშევრებში მისი შემოქმედებისთვის ჩვეული და დამახასიათებელი მასალა - შალი - აბრეშუმსა და ორგანზას ერწყმის.

ახალი გამოფენა გამორჩეულია იმითაც, რომ ნამუშევრების დიდი ნაწილი სპეციალურად საგამოფენო სივრცისთვის შეიქმნა. სახელწოდება ‘’ცის ვაზი’’ ხელოვანის კახეთში მდებარე სახელოსნოს ბაღის მთავარ, ფერის განმსაზღვრელ მცენარეს ეხმიანება. ახალი ნამუშევრები კედლის მხატვრობას მოგვაგონებს და პარალელს  ავლებს როგორც ბიზანტიურ, ასევე იტალიური რენესანსის პერიოდის ხელოვნებასთან. ნამუშევრებში ვხვდებით ყვავილის მოტივებს - მის ფურცლებს, როგორც შთაგონების წყაროს. ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12-იდან 19 საათამდე.


ფოტო: ქეთი ჩიქოვანი