ვერსალის ორანჟერეაში Jacquemus-ის გაზაფხული-ზაფხულის 2026 წლის კოლექციის - Le Paysan-ის ჩვენება გაიმართა, რომელიც სიმონ პორტე ჟაკმუსის პერსონალურ ისტორიას, სამხრეთ საფრანგეთში გატარებულ ბავშვობის წლებსა და მოგონებებს აცოცხლებს. სკულპტურულ სილუეტებში ჟაკმუსმა საკუთარი ოჯახისა და წინაპრების სტილი თარგმნა და ისინი თანამედროვე ინტერპრეტაციებით შემოგვთავაზა, იქნება ეს თავსაბურავები თუ სხვადასხვა სტილისა და ქსოვილის კაბები და ქვედაბოლოები, რომლებიც ასახავს პროვანსის პრაქტიკულ, მინიმალისტურ და დახვეწილ ჩაცმულობას. ჩვენების ადგილმდებარეობაც - ორანჟერეა თავისი დიდი ბაღით, მცენარეებითა და ყვავილებით - იმ ადგილებს ეხმიანება, სადაც ჟაკმუსი მოზარდობის წლებს ატარებდა. ჩვენებას წინ უძღოდა პროვანსში გადაღებული ნოსტალგიური კამპანია, მისი ოჯახის ძველი კადრებით.

Le Paysan კოლექცია ქსოვილების და ტექსტურების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა - ვხვდებით როგორც ტილოს, ისე აბრეშუმის, მუსლინის, პოპლინისა და გამჭვირვალე ქსოვილების სამოსს, რომელთაგანაც ზოგიერთი გაფორმებულია ხელნაკეთი დეტალებითა და ნაქარგებით. გრძელი, თავისუფალი სტილის კაბები და პერანგები ჟაკმუსმა დედისა და ბებიის გარდერობის მთავარი ელემენტების შთაგონებით შექმნა. კოლექცია სადა ფერებშია გადაწყვეტილი, სამოსი ძირითადად აქცენტს თეთრ, შავ და კრემისფერ პალიტრაზე აკეთებს. გარდა სამოსისა, სიმონ პორტე ჟაკმუსი პროვანსის ცხოვრების წესსა და სტილს აქსესუარებსა და ჩანთებშიც ასახავს, მათ შორისაა ხილისა და ბოსტნეულის მოტივებით გაფორმებული ჩანთები, შარფები, თავსაბურავები და Le Valerie ჩანთა, რომელიც ჟაკმუსმა სპეციალურად დედას მიუძღვნა. 


ფოტო: Jacquemus