სიმონ პორტე ჟაკმუსის ხელძღვანელობით, ინოვაციებით და დახვეწილი ესთეტიკით გამორჩეული Jacquemus ლოს-ანჯელესში ბრენდის პირველ მაღაზიას ხსნის. ფრანგული მოდის სახლი  "Los Angeles Boutique" დასავლეთ ჰოლივუდში, Melrose Avenue-ზე მდებარეობს და სტუმრებს ქალაქისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი ხვდება - ყვითელი ყვავილები, ზეთისხილის ხეები, ლავანდები, ბანანები, ლიმონები და ფერადი, ზოლებიანი დეკორაციები მზიან და ოქროსფერ ლოს-ანჯელესს იდეალურად ეხმიანება. ტერაკოტას იატაკითა და თიხის კედლებით გაფორმებული სივრცე სავსეა ხელოვნების ნიმუშებითა და საინტერესო დიზაინერული ობიექტებით - მაღაზიის ცენტრალურ ნაწილს 10-მეტრიანი ყვითელი სავარძელი იკავებს, აქვე განთავსებულია Jean Royére-ის სკამები, სპეციალურად დამზადებული კერამიკული ნივთები, ანტიკვარული ლარნაკები, ფრენკ ლოიდ რაიტის მაგიდის სანათები. მაღაზიის თითოეული დეტალი სიმონ პორტე ჟაკმუსის გემოვნებასა და ხედვას უსვამს ხაზს. გარკვეულწილად, ახალი სივრცე Jacquemus-ის პარიზში მდებარე შტაბ-ბინასთან ავლებს პარალელებს. 


ეკლექტური ინტერიერის დიზაინის ნაწილია 1920 წლებიდან შექმნილი ფერწერული და სკულპტურული ნიმუშები, ისეთი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან - დევიდ ჰოკნი, André Ostier, პეგი სიროტა, მორის სავინი, ჟან როიერი, ჟან ლურჩატი, არისტიდ მაილოლი და პიერ-ოგიუსტ რენუარი. მაღაზიის გამორჩეული ნაწილია LA GALERIE ვინტაჟური სამკაულების კოლექცია და ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც სახლის დამაარსებელმა შეარჩია. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად Jacquemus-მა პოპ-აპ მარკეტიც მოაწყო, სადაც მოგებიანი ბილეთები გათამაშდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული ბრენდის მაღაზიები ბოლო წლებში ასევე გაიხსნა ნიუ-იორკში, ლონდონსა და დუბაიში.


ფოტოს წყარო: Jacquemus