ბოლო რამდენიმე წელია მოდის სახლები განსაკუთრებლად ხვდებიან ზაფხულს და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კურორტებზე დახვეწილი დიზაინის სანაპირო კლუბებს გვთავაზობენ. თითოეული მათგანი უნიკალურია, რადგან ისინი ბრენდის დამახასიათებელ ხელწერასა და სტილს უსვამს ხაზს და მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური გამოცდილების შეთავაზებას ისახავს მიზნად. გამორჩეულ დიზაინთან ერთად, ლიმიტირებულ, სპეციალურად შექმნილ კაფსულა კოლექციებს, საკურორტო სამოსსა და საკოლექციო აქსესუარებს ვხვდებით. გიზიარებთ რამდენიმე სანაპირო კლუბს სხვადასხვა მოდის სახლისგან. 

Jacquemus‑ის კლუბებს წლევანდელ სეზონზე იბიცასა და მონაკოში, მონტე-კარლოს სანაპიროზე შეხვდებით. Jacquemus x Casa Jondal ბრენდის სადებიუტო სანაპირო კლუბი და Pop‑up მაღაზიაა ესპანეთში. სივრცეები ბრენდისთვის დამახასიათებელი ელემენტებით და ფერებით, ყვითელი და შავ-თეთრი ზოლიანი პრინტებითაა გაფორმებული, რომლებიც შთაგონებულია "La Croisière" 2025 წლის კოლექციით. სწორედ ამ კოლექციიდან Pop-up ბუტიკში წარმოდგენილია ლიმიტირებული სამოსი, ჩანთები, ქუდები და აქსესუარები. მონტე-კარლოს სანაპიროზე ასევე მდებარებს Jacquemus‑ის The Pool Café ადგილობრივი კერძებითა და სასმელებით. 

Dolce & Gabbana‑ს ახალი პლაჟის კლუბი მარბეაში გაიხსნა, რომლის მთლიანი სივრცე გაფორმებული და მოხატულია ბრენდის საკულტო “Blu Mediterraneo” ცისფერი და თეთრი პალიტრით. Pop‑up მაღაზიაში წარმოდგენილია საცურაო კოსტიუმების მრავალფეროვანი არჩევანი, სეზონური სამოსი და აქსესუარები. Dolce&Gabbana ერთ სივრცეში თავს უყრის სანაპირო ცხოვრების სტილს, მოდასა და გასტრონომიას. აქვე მდებარეობს რესტორანი Dolci Room, რომელსაც შეფმზარეული დანი გარსია ხელმძღვანელობს და სტუმრებს ხმელთაშუა ზღვის გამორჩეულ გემოებს სთავაზობს, სპეციალურად შექმნილ საავტორო დესერტებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ Dolce & Gabbana-ს პლაჟის კლუბებს სხვა ისეთ ქალაქებშიც ვხვდებით, როგორებიცაა პორტოფინო, ტაორმინა და სენ-ტროპე.

წელს Burberry-მ იბიცაზე მდებარე სასტუმრო The Standard-ის რუფტოპ სივრცე გარდაქმნა და სტუმრებს მთელი სეზონის განმავლობაში ახალ, გამორჩეულ დასასვენებელ ადგილს შესთავაზებს, რომელიც ხშირად უმასპინძლებს მუსიკალურ საღამოებს.  სივრცე დეკორაციებით, შეზლონგებით, სავარძლებითა და ბალიშებით ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი, აუზის ფსკერს კი თავიდან ბოლომდე Burberry-ის ყვითელი წარწერა მიჰყვება. რა თქმა უნდა, სივრცეს ავსებს Burberry-ის სეზონური კოლექცია, ზაფხულისთვის გამოსადეგი მრავალფეროვანი სამოსითა და აქსესუარით. 

მიმდინარე სეზონზე Dior აგრძელებს თანამშრომლობას Bagni Fiore-სთან და Paraggi-ს ცნობილ სანაროზე Dioriviera-ს თემატიკის შესაბამის პლაჟის კლუბს წარმოადგენს, რომელშიც Toile de Jouy-ის დახვეწილი პრინტით გაფორმებულ სავარძლებს, შეზლონგებს, სკამებსა და ქოლგებს ვხვდებით. სანაპირო კლუბი აერთიანებს Dior-ის სპას, ექსკლუზიური პროცედურებითა და Pop-up მაღაზიას, ზაფხულის განწყობით შთაგონებულ Dioriviera-ს კოლექციას მოიცავს. აქვეა რესტორანი Langosteria Paraggi, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პანორამულ ხედებზე იტალიური სამზარეულოს ტრადიციული კერძები დააგემოვნონ.