ოსკარის მფლობელი კინორეჟისორი სოფია კოპოლა თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარსადგენად ემზადება, ‘’Marc by Sofia’’ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების, მისი მრავალფეროვანი კარიერისა და საინტერესო წლების შესახებ მოგვიყვება. 97-წუთიანი ფილმის პრემიერა  2025 წლის ვენეციის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ფილმების სექციაში შედგება, რომელიც 27 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე გაიმართება. სიმბოლურია, რომ ფილმის სახელწოდება - Marc by Sofia - პარალელია Marc by Marc Jacobs-ის ხაზთან, რომელიც დიზაინერის კარიერაში განსაკუთრებულ პერიოდს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიკობსის კარიერული განვითარების გზას, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებსა და საინტერესო საარქივო მასალას გავეცნობით, პროექტი სოფია კოპოლას და მარკ ჯეიკობსის პერსონალურ, შემოქმედებით კავშირს და მათ 30-წლიან მეგობრობასაც აღნიშნავს. ისინი წლებია სხვადასხვა კამპანიაზე და ცნობილ პროექტებზე  მუშაობენ და კოლაბორაციულ ნამუშევრებს ქმნიან. კოპოლა და ჯეიკობსი ერთმანეთს პირველად 1990-იან წლებში შეხვდნენ, რეჟისორი მარკ ჯეიკობსის პერი ელისისთვის შექმნილ ცნობილ Grunge კოლექციის ჩვენებას დაესწრო, რის შემდეგაც საერთო ინტერესები აღმოაჩინეს და როგორც მეგობრობა, ისე პროფესიული თანამშრომლობა დაიწყეს. 

წლების განმავლობაში კოპოლა Marc Jacobs მოდის სახლის რამდენიმე კამპანიაში გამოჩნდა, 2001 წელს ბრენდის პირველი სუნამოს - Daisy-ს კამპანიის სახე გახდა და იგი იურგენ ტელერმა აღბეჭდა - აღსანიშნავია, რომ კოპოლა თავადაც იყო Jacobs-ის სუნამოების სარეკლამო რგოლების რეჟისორი. კოპოლა ასევე ვიხილეთ 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კამპანიაში, რომელიც დევიდ სიმსმა გადაიღო და როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ამ სერიის ფოტოები ჯეიკობსისთვის ბრენდის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევრებია, სოფიას კი ხშირად თავის მუზადაც მოიხსენიებს. კოპოლა ასევე მონაწილეობდა Louis Vuitton-ის კამპანიაში, მაშინ როდესაც მარკ ჯეიკობსი ფრანგული მოდის სახლის კრეატიულ დირექტორის პოსტს იკავებდა. Marc by Sofia  რეჟისორის პირველი დოკუმენტური ფილმი იქნება, დიზაინერის შესახებ შექმნილი მეორე ნამუშევრის, 2007 წლის ფილმის - ‘’Marc Jacobs & Louis Vuitton’’-ის შემდეგ.