უმბრიის ისტორიულ ქალაქ ციტერნაში, ქართველი ხელოვანის, ქეუ მეფარიშვილის ახალი სკულპტურული ინსტალაცია, სახელწოდებით "Shrine of the Strays" არის წარმოდგენილი. იტალიურ ენაზე ახალ ნამუშევარს "Edicola dei Randagi" ეწოდება. ლითონის ფირფიტებით, ტრადიციული ქართული იკონოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით შექმნილი ინსტალაცია ქმნის დიალოგს ციტერნას შუა საუკუნეების არქიტექტურასთან. პროექტის კურატორია - Giovanni Rendina. ახალი ინსტალაციის თითოეულ ფირფიტაზე ამოტვიფრულია "მაწანწალა" ძაღლების გამოსახულებები, რომლებიც ერთგვარ ურბანულ "რელიკვიებად“ გარდაიქმნებიან. ძაღლებს, რომლებიც ხელოვანის მშობლიური ქალაქის - თბილისის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან, აქვთ სახელები, ისტორიები და უნიკალურ კავშირებს ამყარებენ მცხოვრებლებთან.
ტექნიკა, რომელსაც მეფარიშვილის ახალი ნამუშევარი ეფუძნება, ქართული მართლმადიდებლური კულტურის ტრადიციულ იკონოგრაფიულ ფორმატს მიეკუთვნება და დღესდღეობით თითქმის მთლიანად დავიწყებული, გაქრობის პირასაა. ეს პროექტი ასევე გარდაიქმნება მოქმედებად, რომელიც კულტურის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რაც აცოცხლებს არა მხოლოდ ხელობის ტრადიციას, არამედ ვიზუალურ ენას, რომელიც ნელ-ნელა ქრება. "მაწანწალა" ძაღლები თბილისის ურბანული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ასახავენ კომპლექსურ სოციალურ დაძაბულობასა და დინამიკას.
ნამუშევარი მოგვითხრობს ჩაგვრის, მაგრამ, ამავდროულად, ტოლერანტობის, საერთო სივრცეებში თანაარსებობისა და სხვადასხვა რთული სოციალური როლის ისტორიას. ეს არის ნარატივი, რომელშიც ძაღლის ფორმა იგივე რჩება, თუმცა კონტექსტი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადადის, რაც თითოეულ ფიგურას პირად ისტორიას და უნიკალურ ხმას ანიჭებს. ქართველი ხელოვანი წარმოადგენს ურბანულ და პოეტურ არქივს, რომელიც ინარჩუნებს კოლექტიურ მეხსიერებას და ღირებულებას მატებს მარგინალურ ნარატივებს.
დაწერე კომენტარი