ლეონარდ კოსციანსკი ამერიკელი მხატვარია, რომლის მრავალფეროვანი, ეკლექტური სტილი წარმოადგენს სიურრეალიზმის, ამერიკული პრიმიტიული ხელოვნებისა და სცენის მხატვრობის შერწყმას. მისი ნამუშევრები ხშირად ნოსტალგიური და იდუმალი ხასიათისაა.

კოსციანსკის მშობლები ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარული ნივთების კოლექციონერები იყვნენ, შესაბამისად, ხელოვნება მისი სახლის და ყოველდღიური სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი ბავშვობიდანვე დიდი ინტერესით ეცნობოდა ნივთებს -  როგორც მხატვრულ, ისე მუსიკალურ შედევრებს, ასევე ხშირად ათვალიერებდა "Mad Magazine"-ის ანიმაციურ ნახატებს. ასაკის მატებასთან ერთად კოსციანსკიმ ხელოვნების პროფესიულ დონეზე აღქმა დაიწყო - 16 წლისამ გაიმარჯვა ყოველწლიური ხელოვნების კონკურსში და დაესწრო ფერწერის კლასებს კლივლენდის ხელოვნების ინსტიტუტში, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო მისი კარიერის ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებული ხედვის მქონე ხელოვანის ნამუშევრებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა - უეინ ტიბოდმა, ასევე ხელოვანებმა - გრანტ ვუდმა და ედვარდ ჰოპერმა. რაც შეეხება ნახატებს, რომლებზეც ცხოველებს გამოსახავს, ის შთაგონებულია ანრი რუსოს და ჯორჯ სტაბსის ნამუშევრებით. ლეონარდ კოსციანსკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები სახლების სერიაა, რომლითაც იგი ფერად ნაგებობებს სხვადასხვა ვითარებაში გამოსახავს და მათ საინტერესო კონცეფციას ანიჭებს, სახლების ამსახველ ცნობილ ნახატებს შორის არის წლების განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები - The New Day, On the Corner, Bend in the Road, Birds of a Feather და Stormy. ასევე ცნობილია მისი ფსიქოლოგიურად დატვირთული და ორიგინალური ნახატები - Isolation, Stormy, The Astronomer და The Midnight Hour, რომლებიც ხელოვანმა ბოლო წლებში შექმნა.

ლეონარდ კოსციანსკის ნამუშევრები გამოფენილია მთელ მსოფლიოში. ისინი ინახება ბევრ საჯარო და კერძო კოლექციაში, მათ შორის -  ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ფილადელფიის მუზეუმში და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში.


ფოტო: Leonard Koscianski