ვალტერ გროპიუსი არქიტექტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც გასული  საუკუნის არქიტექტურისა და დიზაინის მოდერნისტული მიმართულების განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა. მოდერნისტული არქიტექტურის პიონერს - გროპიუსს ეკუთვნის გავლენიანი გერმანული არქიტექტურულ-დიზაინერული სკოლის - ბაუჰაუსის დაფუძნების იდეა. ‘’თანამედროვე, ჰარმონიული და ცოცხალი არქიტექტურა ცხადი ნიშანია ჭეშმარიტი დემოკრატიისა’’, - ამბობდა ვალტერ გროპიუსი, რომელმაც თანამედროვე არქიტექტურის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა - თავისი შემოქმედებითი ხედვით ხაზი გაუსვა ფუნქციონალიზმს, ახალი მასალების გამოყენებასა და ინდუსტრიული დიზაინის განვითარებას.

ვალტერ გროპიუსი ბერლინში არქიტექტორების ოჯახში დაიბადა. მამამისი -  ვალტერ ადოლფ გროპიუსი ცნობილი არქიტექტორი იყო და ბავშვობიდანვე დიდი გავლენა მოახდინა ვაჟის ინტერესების ჩამოყალიბებაზე. გროპიუსის კარიერის დასაწყისი და პირველი პროფესიული ნაბიჯები ცნობილ გერმანელ არქიტექტორთან და დიზაინერთან - პეტერ ბერენსთან მუშაობა გახდა, რომლის სტუდიაშიც არაერთი თანამედროვე არქიტექტურის გამოჩენილი ფიგურა მუშაობდა, მათ შორის იყვნენ - ლუდვიგ მიეს ვან დერ როე, ლე კორბუზიე და დიტრიხ მარკსი. მოგვიანებით, წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ,  გროპიუსმა ადოლფ მაიერთან ერთად საკუთარი სტუდია გახსნა და წლების განმავლობაში ის ხედვები და ფასეულობები ჩამოუყალიბდა, რომელმაც შემდგომში მისი შემოქმედება სრულად განსაზღვრა. 

გროპიუსის ყველაზე მნიშვნელოვანი ადრეული პროექტი ფაგუსის ქარხანაა, რომელიც ადოლფ მაიერთან ერთად დააპროექტა. 1911-13 წლებში აშენებული ქარხანა სრულიად განსხვავდებოდა იმ პერიოდის ტრადიციული არქიტექტურისგან - მინისფასადიანი შენობა ინოვაციური დიზაინით გამოირჩეოდა, თანამედროვე არქიტექტურაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო ქარხანა 2011 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 1914 წელს გროპიუსის კარიერა დროებით შეწყდა, ის პირველ მსოფლიო ომში, დასავლეთის ფრონტზე მსახურობდა. ომში გატარებულმა წლებმა მასზე როგორც პიროვნული, ისე პროფესიული გავლენა მოახდინა. გერმანიაში დაბრუნებულ გროპიუსს ახალი იდეები და შთაგონება გაუჩნდა, მას სურდა შეექმნა სისტემა, რომელიც ხელოვნებას, ხელობასა და ტექნოლოგიებს ერთმანეთთან დააკავშირებდა, სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ბაუჰაუსის სკოლას, რომელმაც არქიტექტურისა და დიზაინის ისტორია შეცვალა.

IMG_7006.jpeg 473.8 KB
ბაუჰაუსის სკოლა 1919 წელს გერმანიის ქალაქ ვაიმარში დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ მხოლოდ 14 წელი იარსება,  მარადიული სახელი დაიმკვიდრა და მოიპოვა მსოფლიო აღიარება, მრავალი ცნობილი არქიტექტორისა და ხელოვანის კარიერა სწორედ ამ სკოლაში დაიწყო და მისი პრინციპები და მთავარი იდეოლოგია დღემდე პოპულარულია. პროგრესული ბაუჰაუსის სკოლის კონცეფცია ხელოვნების  სხვადასხვა დარგის ერთიან იდეოლოგიაში გაერთიანება იყო და მიზნად ისახავდა ხელოვნება, არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, ერთ მთლიან სისტემაში მოექცია. სკოლაში აქცენტი კეთდებოდა ინდუსტრიული დიზაინის განვითარებაზე და ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ბაუჰაუსში სწავლება პრაქტიკულ სახელოსნოებში მიმდინარეობდა, სადაც სხვადასხვა დარგის სტუდენტები - არქიტექტორები, ავეჯის დიზაინერები, მოქანდაკეები, მხატვრები ერთად მუშაობდნენ და ქმნიდნენ რეალურ პროექტებს.
42eb279f-ceef-497d-bbd0-f7600f0c081f.jpeg 271.26 KB
ინოვაციური და ექსპერიმენტული ბაუჰაუსის სკოლის ხელმძღვანელობის პერიოდში ვალტერ გროპიუსმა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა. მათ შორისაა სწორედ ბაუჰაუსის შენობა დესაუში, რომელიც გროპიუსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროექტად ითვლება და აშენდა მას შემდეგ, რაც ბაუჰაუსის სკოლამ ვაიმარიდან დესაუში გადაინაცვლა. ნაგებობა თავისი დაგეგმარებით, გეომეტრიული ფორმებითა და ინდუსტრიული მასალებით სკოლის მთავარი კონცეფციის ვიზუალური განსახიერება გახდა. ბაუჰაუსის იდეოლოგიის კიდევ ერთი ნიმუშია 1923-1925 წლების ნამუშევარი - ცნობილი კარის სახელურები, რომელიც დესაუს შენობისთვის გროპიუსმა ადოლფ მაიერთან თანამშრომლობით შექმნა. ფუნქციურობით, მინიმალისტური გეომეტრიით და სუფთა ხაზებით გამორჩეული სახელურები  მოდერნისტული დიზაინის ისტორიის განსაკუთრებულ ნამუშევრად იქცა და მისი ფორმა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. 

1928 წელს ვალტერ გროპიუსმა ბაუჰაუსის სკოლა დატოვა, თუმცა განაგრძო მნიშვნელოვან არქიტექტურულ და თეორიულ პროექტებზე მუშაობა. თავდაპირველად მან არქიტექტურული სტუდია ბერლინში გახსნა და აქტიურად მუშაობდა საცხოვრებელი ბინებისა და ურბანული პროექტების შექმნაზე, რომლებიც ადამიანების საჭიროებებზე აკეთებდა აქცენტს. მოდერნისტული დიზაინის პოპულარიზაცია გროპიუსმა ბრიტანეთში გააგრძელა, პროექტებზე მუშაობის პარალელურად მიზნად დაისახა ინგლისურ არქიტექტურულ განათლებაში ბაუჰაუსის იდეების დანერგვა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში აქტიურად კითხულობდა ლექციებს. ამავე მიზნით ჩავიდა ამერიკაში. 1937 წელს გროპიუსი ჰარვარდის უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა და მოდერნისტული არქიტექტურა, მისი პრინციპები ამერიკის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტშიც დაამკვიდრა. 

Walter-Gropius-1928-Chicago-Tribune-Tower-design.jpg 108.75 KB
ამერიკაში ვალტერ გროპიუსმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის - პირველი მოდერნისტული კამპუსი - ჰარვარდის სამაგისტრო ცენტრი კემბრიჯში და ჯონ კენედის ფედერალური ოფისის შენობა ბოსტონში. გროპიუსმა ლინკოლნში, მასაჩუსეტსში ააშენა საკუთარი საცხოვრებელი სახლი Gropius House, რომელიც მოდერნისტული საცხოვრებლის დემონსტრაციულ მოდელად იქცა. ასევე, მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა არქიტექტორთა ინოვაციური ჯგუფის - The Architects Collaborative-ის დაფუძნება. ჯგუფმა გროპიუსის იდეებით ააშენა საცხოვრებელი კომპლექსები, უნივერსიტეტები, სკოლები და სამუშაო ოფისები. ვალტერ გროპიუსი ცხოვრების ბოლომდე დარჩა ფუნქციური და სოციალური არქიტექტურის ერთგული. გროპიუსის ბევრი ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანი  მემკვიდრეობაა მსოფლიოში, მისი სახელი კი თანამედროვე არქიტექტურაში წარუშლელად რჩება.