ლონდონში მდებარე Design Museum-ში უეს ანდერსონის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა, რომელიც რეჟისორის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ნამუშევრებს ეძღვნება. გამოფენა აერთიანებს პირად არქივს, რომელიც რეჟისორის შემოქმედებით პროცესს კვალდაკვალ მიჰყვება - 600-ზე მეტ ნივთს, მათ შორის - კოსტიუმებს, რეკვიზიტებს, პოლაროიდებს, ესკიზებს, პირად ჩანაწერებსა და ჩანახატებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ექსპონატების უმეტესობა ბრიტანეთში გამოიფინა. გამოფენა 21 ნოემბერს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 2026 წლის 26 ივლისამდე უმასპინძლებს.
გამოფენა იწყება ანდერსონის ადრეული ნამუშევრებით და ასახავს რეჟისორის ფილმების ევოლუციას 1990-იანი წლებიდან დღემდე. თავდაპირველად აჩვენებენ 1993 წლის ანდერსონის 14-წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმს - Bottle Rocket-ს, რომელშიც ოუენ უილსონი მონაწილეობს და რომელმაც იგი შთააგონა მოგვიანებით ამავე სახელწოდების სადებიუტო მხატვრული ფილმი შეექმნა.
მუზეუმში ანდერსონის მრავალფეროვანი ფილმოგრაფიის ისტორია ვითარდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მთავრდება 2023 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმით - The Wonderful Story of Henry Sugar. მუზეუმი აქცენტს აკეთებს ანდერსონის საკულტო ნამუშევრებზე, როგორებიცაა - Grand Budapest Hotel, The Life Aquatic with Steve Zissou, Moonrise Kingdom, Fantastic Mr. Fox და Isle of Dogs.
აქ წარმოდგენილ 600 ობიექტს შორისაა სკარლეტ იოჰანსონის, ტილდა სუინტონის და გვინეტ პელტროუს სამოსი, რომლებიც მსახიობებმა ანდერსონის ფილმებში მოირგეს. აქვეა Grand Budapest Hotel-ის მოდელი - ყველაზე ცნობილი ვარდისფერი ფასადი, მინიატიურული მოდელები და სხვა.






დაწერე კომენტარი