წელს ლონდონის Royal Opera House-ის საშობაო დეკორაციებზე პოლ სმიტმა იზრუნა. დიზაინერმა 5 მეტრზე მეტი სიმაღლის ნაძვის ხე შექმნა და პოლ ჰამლინის ისტორიულ დარბაზს სადღესასწაულო განწყობა შემატა. დიზაინის თემატიკა „ფარდის მიღმა“ იდეითაა შთაგონებული, ნაძვის ხე გაფორმებულია ოპერის თეატრის არქივიდან მოპოვებული რეკვიზიტებით - ფლეიტებით, სანთლებით, მწვანე ხავერდის ნაჭრებით, ანტიკვარული აქსესუარებით, პოლ სმიტის ბრენდის, Signature Stripe-ის პრინტით, მინიატიურული ფიგურებით, მათ შორის - მოთხილამურეებისა და მოციგურავეების თოჯინებით.

‘’მე ბევრი კარგი მომენტი მახსოვს სამეფო ოპერის თეატრიდან, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩემი ბოლო ვიზიტი რეკვიზიტების განყოფილებაში. სცენის მიღმა დგას კრეატივით სავსე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დაუღალავად მუშაობს შესანიშნავი პროექტების განსახორციელებლად. მე მიყვარს კულისების მძლავრი ენერგია, სწორედ ამიტომ ნაძვის ხის დიზაინში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წარმომეჩინა ‘’ფარდის მიღმა’’ არსებული ხელობა’’. - აღნიშნავს პოლ სმიტი.

აღსანიშნავია, რომ პოლ სმიტი პირველი დიზაინერია, რომელმაც ლონდონის Royal Opera House-ისთვის ნაძვის ხე სპეციალურად შექმნა. დიზაინერმა შარშან  ლონდონში მდებარე სასტუმრო Claridge’s გააფორმა და  ერთ-ერთი დიზაინერი იყო კარლ ლაგერფელდის, ალბერ ელბაზისა და ჯონ გალიანოს შემდეგ, რომელმაც ლეგენდარული სასტუმრო სადღესასწაულოდ გარდაქმნა.