Claridge's სადღესასწაულო ტრადიცია გრძელდება - ყოველწლიურად ლეგენდარული სასტუმროს საახალწლო დეკორაციებით გაფორმებასა და დამახასიათებელი განწყობის შექმნაზე ცნობილი დიზაინერები და მოდის სახლები ზრუნავენ. წლევანდელ დიზაინზე და საშობაო ნაძვის ხის დეტალებზე Burberry-ის მოდის სახლმა და ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა დენიელ ლიმ იმუშავა. არტ-დეკოს სტილის მისაღებში ახლა 4,5 მეტრის ნაძვის ხე დაგხვდებათ, რომელიც ორ მნიშვნელოვან ბრიტანულ ბრენდს აერთიანებს და ხაზს უსვამს უნიკალურ ხელობას, მემკვიდრეობასა და მრავალწლიან საშობაო ტრადიციას.
Claridge’s 2025 წლის ნაძვის ხე Burberry-ის ქსოვილებისგან დამზადებული ასობით ბაფთით არის გაფორმებული, რაც ერთიანობის ვიქტორიანულ სიმბოლოს წარმოადგენს. ის ასევე მორთულია ყვავილებით, მცენარეებით, ოქროსფერი გვირგვინით, ზარებითა და ჭადრაკის ფიგურებით, რომლებიც Burberry-ის ცხენოსანი რაინდის დიზაინითაა შთაგონებული. სასტუმროში ასევე შეხვდებით Burberry-ს Pop-up-ს, რომელიც ბრენდის სამოსს და აქსესუარებს, სასაჩუქრე ნივთებს, სადღესასწაულო, ქაშმირისა და აბრეშუმის კოლექციას აერთიანებს. საშობაოდ გარდაქმნილი Claridge’s სტუმრებს მთელი მსოფლიოდან 4 იანვრამდე უმასპინძლებს.
"Claridge's სასტუმრო შესვლისთანავე სახლის შეგრძნებას ქმნის. ის ელეგანტურობისა და ბრიტანული მემკვიდრეობის ნამდვილი სიმბოლოა, სადაც წლების განმავლობაში არაერთი განსაკუთრებული მომენტი მქონდა. სასტუმროს ყოველწლიურ საშობაო ნაძვის ხის დიზაინზე მუშაობა უდიდესი პატივია ჩემთვის. ეს არის შესაძლებლობა, ფერებითა და ტექსტურებით გამომეხატა ტრადიციები და ერთიანობა..." - აღნიშნავს Burberry-ის კრეატიული დირექტორი დენიელ ლი. აღსანიშნავია, რომ Burberry-მ უკვე მეორედ გააფორმა Claridge's საშობაო ნაძვის ხე. პირველად, 2015 წელს, მაშინდელმა კრეატიულმა დირექტორმა კრისტოფერ ბეილიმ ნაძვის ხე ოქროსფერი და ვერცხლისფერი ქოლგებისგან შექმნა.
ფოტო: Burberry, Claridge's






დაწერე კომენტარი