ფლორენციაში მდებარე რენესანსის პერიოდის ისტორიულ სასახლეში - Palazzo Strozzi-ში ანდრო ერაძის პერსონალური გამოფენა ‘’Bones of Tomorrow‘’ მიმდინარეობს, რომელიც დამთვალიერებლებს 25 იანვრამდე უმასპინძლებს. გამოფენა აერთიანებს ფოტოსურათებს, ვიდეოებს და ინსტალაციებს, რომლებიც სპეციალურად ორი ადგილისთვის შეიქმნა - Palazzo Strozzi-ის საპროექტო სივრცისა და ყოფილი Teatro dell'Oriuolo-სთვის, სადაც IED Florence მდებარეობს. ასევე, გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილია ანდრო ერაძის 2024 წლის 6-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით “Flowering and Fading”, რომელიც სიურრეალიზმსა და მაგიურ რეალიზმს ეყრდნობა, შლის ზღვარს ნამდვილსა და გამოგონილს, ცოცხალსა და უსულოს, შინაურსა და ველურს შორის და ავლენს ურთიერთკავშირს ამ ყველაფერს შორის.
ანდროს შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ცხოველებს, მცენარეებს, საგნებს და ციფრულ არტეფაქტებს, რომლებიც ლანდშაფტში ყოფნის შეგრძნებას ქმნიან, ეს ლანდშაფტი ადამიანის გამოცდილების პარალელურია და ამასთანავე მასთან გადაჯაჭვულიც, გამოსახულებები ბუნდოვანს ხდის განსხვავებას წარმოსახვითსა და რეალურს შორის. გამოფენის კურატორია არტურო გალანსინო - Fondazione Palazzo Strozzi-ს გენერალური დირექტორი, დარია ფილარდოსთან - IED Florence-ის ვიზუალური ხელოვნების აკადემიურ კოორდინატორთან ერთად.


დაწერე კომენტარი