ვინსენტ გალო თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საინტერესო ფიგურაა, რომელიც მრავალფეროვანი კარიერითა და მრავალმხრივი შემოქმედებით გამოირჩევა. გალო ერთდროულად არის კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, მუსიკოსი, მხატვარი და ფოტოგრაფი. მისი პორტფოლიო აერთიანებს ნამუშევრებს, სადაც ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ემოციური გაუცხოება, ოჯახური ტრავმები, დაუცველობა, სისუსტე და სიჩუმე. გალოს ბევრ ნამუშევარში ავტობიოგრაფიულ ელემენტებს აღმოაჩენთ, მისი პერსონაჟები კი ხშირად მისივე ალტერ ეგოს უკავშირდება და გალოს სირთულეებით სავსე ცხოვრებას ეხმიანება.

Vincent gallo with Ken drip#vincentgallo #gallo #buffalo66 #thebrownbunny #indiefilm #arthouse.jpg 48.19 KB
1978 წელს ვინსენტ გალომ დატოვა სახლი და 16 წლის ასაკში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, გალო სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს ეცნობოდა, იქნებოდნენ ეს პანკები, მხატვრები, მუსიკოსები თუ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, რამაც გავლენა მოახდინა მის შემდგომ წლებზე. გალომ დაიწყო დაკვრა ექსპერიმენტულ მუსიკალურ ჯგუფ ‘’Gray’’-ში ჟან-მიშელ ბასკიასთან ერთად. ‘’Gray’’-ს დატოვების შემდეგ კი ჩამოაყალიბა ჯგუფი ‘’Bohack’’ და ჩაწერა ცნობილი, ავანგარდული სტილის ალბომი „It Took Several Wives“. 
Vincent Gallo, 1998 #vincentgallo #90s #1990s #90ті #вінсентгалло #90s80s70s60s50s.jpg 92.15 KB
ამავე პერიოდში გალო ნიუ-იორკის ქუჩებში უჩვეულო წარმოდგენებს დგამდა, რომლებსაც სპონტანურად ასრულებდა და სხვადასხვა, უცნაურ სიუჟეტს ქმნიდა. საჯარო წარმოდგენები მნახველების ცნობიერებაზე და თვითრეფლექსიაზე მოქმედებდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმოადგენის დროს კინორეჟისორმა ერიკ მიტჩელმა გალო აღმოაჩინა და სტივ ბუშემისთან ერთად ‘’The Way It Is’’-ის  მთავარ როლში გადაიღო. ეს გალოს პირველი გამოჩენა იყო სრულმეტრაჟიან ფილმში, თუმცა მანამდე მან თავად გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
Promotional pictures of Christina Ricci and Vincent Gallo in “Buffalo 66” (1999) 🎳.jpg 115.69 KB
გალოს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამუშევარია 1998 წლის ფილმი “Buffalo 66”, სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი მსახიობი თვითონ ვინსენტ გალოა. ამავდროულად, თავად შექმნა ფილმის საუნდტრეკი. “Buffalo 66” ხშირად მოიხსენიება, როგორც 90-იანი წლების ამერიკული ‘’Indie”-ის კინოს კლასიკა და ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. გრძელი კადრებისა და მცირე დიალოგებისგან შემდგარი ფილმი იდეალურად ასახავს გალოს შემოქმედებით ხედვას და ნამუშევარი მისი ფიქრების ერთგვარ პრეზენტაციას წარმოადგენს. ფილმში გალო კრისტინა რიჩისთან ერთად თამაშობს, რაც დღემდე განსაკუთრებულ ტანდემად რჩება.
Johnny with Vincent Gallo #johnnydepp #vincentgallo (2).jpg 83.11 KB
როგორც მსახიობმა, გალომ ასევე ითამაშა სხვა რეჟისორების რამდენიმე ცნობილ ფილმში, მათ შორისაა ემირ კუსტურიცას Arizona Dream, აბელ ფერარას The Funeral, ალან ტეილორის Palookaville და კლერ დენის Trouble Every Day. გალომ ასევე გამოუშვა რამდენიმე მუსიკალური ალბომი, მათ შორის - When და Recordings of Music for Film. გალოს მუსიკა ხშირად გამოიყენება მისივე ფილმებში, რაც მის ნამუშევრებს კიდევ უფრო პერსონალურს და ემოციებით დატვირთულს ხდის.
Happy birthday to my birthday twin, the legendary Vincent Gallo! The incomparable writer, direct.jpg 81.93 KB
გალო ასევე მონაწილეობდა როგორც მრბოლელი "ფორმულა-2"-ში და მოიპოვა 88 პრიზი, 1980-იან წლებში იყო მოტო რბოლის პროფესიონალი და ის ერთ-ერთი რეალური მოტოციკლისტია მისივე მხატვრულ ფილმში ‘’Brown Bunny’’. ამასთან ერთად, გალოს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ვინტაჟური hi-fi და ხმის ჩამწერი აპარატურის, მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია, 35 000-ზე მეტი ვინილის ფირფიტა, მრავალი დისკი და ვიდეოკასეტა. ვინსენტ გალოს შემოქმედების ნაწილი მოიცავს მხატვრობასაც, მან საკუთარი ნახატების 25-ზე მეტი პერსონალური გამოფენა გამართა, ამავდროულად  წერდა სტატიებსა და რეცენზიებს ჟურნალებისთვის. ვინსენტის შემოქმედება ნამდვილად თავბრუდამხვევი, გამორჩეული და უნიკალურია.