Versace, რომლის  შემოქმედებითი ხელმძღვანელი დარიო ვიტალეა, ფრენკ ლებონის მიერ გადაღებულ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს. კამპანია მოიცავს სხვადასხვა მოდელის ფოტოებსა და ვიდეორგოლს, რომლებიც დარიო ვიტალეს ხელწერას ფრენკ ლებონის ხედვასთან აერთიანებს და ფოტოგრაფისთვის დამახასიათებელი ინტიმური, კინემატოგრაფიული ხასიათით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ეს დარიო ვიტალეს  როგორც სადებიუტო, ისე დასკვნითი კამპანიაა Versace-თან და სულ რამდენიმე თვეში დიზაინერი ამ კამპანიით მოდის სახლს დაემშვიდობა. 

დარიო ვიტალემ თავისი პირველი კოლექცია Versace-სთვის 2025 წლის სექტემბერში წარადგინა. მან  27-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დონატელა ვერსაჩე ჩაანაცვლა. Versace-ს 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის ვიტალემ გარდა ფრენკ ლებონისა, ფოტოგრაფებთან - სტივენ მეიზელთან და ტანია ფრანკო კლაინთან ითანამშრომლა და მისი თვალით დანახული Versace გაგვაცნო. ახლა კი, Versace-ს სათავეში ყოფნიდან მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ, დარიო ვიტალემ მოდის სახლი დატოვა და მის შემცვლელად პიტერ მიულე დაინიშნა. მიულე აზედინ ალაიას გარდაცვალების შემდეგ, Alaïa-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, რამდენიმე თვეში კი მოღვაწეობას Versace-ში გააგრძელებს და ბრენდი ახალ ეპოქას დაიწყებს.