მილანის მოდის კვირეულზე იტალიელმა დიზაინერმა დარიო ვიტალემ, როგორც Versace‑ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, სადებიუტო კოლექცია წარადგინა. 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი Versace‑ს და Onitsuka Tiger-ის პირველი თანამშრომლობაა. საინტერესო კოლაბორაციის ფარგლებში ბრენდმა წარადგინა Onitsuka Tiger-ის ცნობილი, ვინტაჟური სტილის TAI-CHI მოდელი, რომელიც წარმოებულია იაპონიაში, საგულდაგულოდ შერჩეული იტალიური მასალებით, დამახასიათებელი ორმაგი ზოლებითა და Versace‑ს სიმბოლოდ ქცეული მედუზას ემბლემით.
გარდა TAI-CHI მოდელისა, თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ახალი ლოფერები, რომლებიც იტალიაშია დამზადებული. პროექტი ხაზს უსვამს კულტურულ გაცვლას, იაპონური და იტალიური ოსტატობისა და ხელობის შერწყმას, რომელიც ასევე განსაზღვრავს Versace-ს ახალ ეპოქას და დარიო ვიტალეს ხელწერას. მილანის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებაზე Versace‑ს და Onitsuka Tiger-ის ერთობლივი რვა მოდელი იყო წარმოდგენილი. მათი გაყიდვა 2026 წელს გაზაფხულის სეზონზე დაიწყება როგორც Versace‑ს ფლაგმან მაღაზიებში, მთელ მსოფლიოში, ისე ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ფოტოს წყარო: Versace, Onitsuka Tiger
დაწერე კომენტარი