ისტორიული და დახვეწილი მატარებლებით ცნობილი Belmond ახალ ვაგონს - Celia-ს წარმოადგენს, რომელიც British Pullman მატარებლის ნაწილია. Celia შთაგონებულია შექსპირის ტიტანიით ‘’ზაფხულის ღამის სიზმრიდან“, 1930-იანი წლების ლონდონით და ბაზ ლურმანის კინემატოგრაფიულ სამყაროში გვამოგზაურებს. ვაგონის დიზაინზე სწორედ ჰოლივუდის ლეგენდად აღიარებულმა რეჟისორმა ბაზ ლურმანმა და ოსკაროსანმა დიზაინერმა კეტრინ მარტინმა იმუშავეს, მათ ერთობლივად ჩამოაყალიბეს ვაგონის თეატრალური კონცეფცია და შექმნეს უნიკალური, დახვეწილი დიზაინის Celia. ვაგონის გახსნის აღსანიშნავად Belmond-მა ექსკლუზიური საღამო გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ანა ვინტური, ტომ ფორდი, როჯერ ფედერერი, ემა კორინი, ალექსა ჩანგი, სიმონ ეშლი და სტელა მაკარტნი.

Celia სულ 12-მდე სტუმარს იტევს და აერთიანებს გასართობ სივრცეს, კოქტეილ-ბარს, ლაუნჯს და სასადილო ოთახს. მისი მთავარი იდეა არა უბრალოდ მოგზაურობა, არამედ იმერსიული და მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნაა. Celia-ში შესვლა ბაზ ლურმანის ფილმში მოგზაურობას ჰგავს, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორებიცაა “Moulin Rouge!”, “The Great Gatsby” და “Elvis”. სწორედ ამ ცნობილი ფილმების ვიზუალური ესთეტიკა - თეატრალური გლამური, არტ-დეკოს სტილი და რომანტიკა იკითხება Celia-ს ინტერიერში.

აღსანიშნავია, რომ Celia 1932 წლის ორიგინალ ვაგონს წარმოადგენს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ის სწორედ ახლა აღადგინეს, გადააკეთეს და ახალი სიცოცხლე მისცეს. როგორც კეტრინ მარტინი აღნიშნავს, მისი აღდგენითი სამუშაოები საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა, რადგან დიდი ნაწილი თითქმის სრულად განადგურებული იყო. Celia დღეს გამორჩეულია თავისი დიზაინით, კონცეფციით, ავეჯით, დეკორის დეტალებითა და ფერებით. მუქი მწვანე, ბორდოსფერი, ყავისფერი და ვარდისფერი პალიტრა 1930-იანი წლების ლონდონის თეატრების ატმოსფეროს მოგვაგონებს. როგორც აღვნიშნეთ, ვაგონი ბრიტანული მატარებლის, British Pullman-ისთვის შეიქმნა და ოფიციალურად ოპერირებას ამ ზაფხულს დაიწყებს.