ოქსფორდის მახლობლად, მე-15 საუკუნის სასახლეში სასტუმრო Belmond Le Manoir aux Quat' Saisons მდებარეობს, სადაც უნიკალური საცხოვრებლები, ბაღები, გასტრონომია, კულტურა და ტრადიციები ერთიანდება. ისტორიულ ნაგებობაში სასტუმრო ფრანგმა შეფმზარეულმა რეიმონდ ბლანმა 1984 წელს გახსნა, შესაბამისად, წელს სასტუმრო დაარსებიდან 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. მას თავდაპირველად Le Manoir ეწოდებოდა, 2014 წლიდან კი Belmond Le Manoir aux Quat'Saisons დაერქვა და გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროდ ითვლება.

სასტუმრო დამსვენებლებს 32 ნომერს სთავაზობს, რომლებიც რეიმონდ ბლანმა დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით შექმნა. ნომრების დიზაინზე Todhunter Earle-ის დიზაინერებმა იმუშავეს, რომლებიც შთაგონებული იყვნენ რეიმონდის დაბადების ადგილითა და მისი მოგზაურობისადმი სიყვარულით. თითოეული ნომერი ინდივიდუალური სტილით არის შექმნილი - ქვის კედლებით, ღია და ოქროსფერი პალიტრით, დახვეწილი ტექსტურებითა და ქსოვილებით, მარმარილოს აბაზანებით, რენესანსის ეპოქის ფრესკებით და ხელოვნების ნიმუშებით. 

Belmond Le Manoir aux Quat' Saisons-ის გამორჩეული ნაწილია გასტრონომია - სასტუმროში მდებარე რესტორანი, რომელსაც დამფუძნებელი რეიმონდ ბლანი უძღვება, უკვე თითქმის 40 წელია ფლობს მიშლენის ორ ვარსკვლავს. რესტორანში სახელგანთქმული მზარეულები მუშაობენ, მათ შორის ლუკ სელბი და საკონდიტროს ხელმძღვანელი - ბენუა ბლინი, შესაბამისად, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სტუმრებს გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებასა და საავტორო კერძებს სთავაზობს. რესტორანში ასევე განთავსებულია კულინარიული სკოლა, სადაც სწავლების კურსი გაიარა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა 34-მა მზარეულმა, თითოეული მათგანის სასწავლო პროგრამა 2 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და თითოეულ სექციაში დაახლოებით 6 თვე მუშაობდნენ. 

სასტუმრო გარშემორტყმულია ყვავილების მდელოთი და ბაღებით, სადაც 90-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულსა და ხილს შეხვდებით. სწორედ ამ ადგილობრივი და ორგანული ინგრედიენტებით მთელი წლის განმავლობაში მარაგდება რეიმონდ ბლანის გამორჩეული რესტორანი. ბაღში ნახავთ სხვადასხვა მცენარეს და ბრიტანული ხილის იშვიათ სახეობებს, აქ ყოველდღიურად იმართება ტურები, რომლის ფარგლებშიც სტუმრები უამრავი სახეობის ყვავილს, ხეს, ხილსა და ბოსტნეულს ეცნობიან, მებაღეები კი მათ საინტერესო რჩევებსა და მეთოდებს უზიარებენ. სასტუმროში ასევე ხშირად იმართება სახელოვნებო გამოფენები, ამჯერად წარმოდგენილია არსებული ბაღებით შთაგონებული ინსტალაცია, სკულპტურული ნამუშევარი Leaf Shadows, რომლის შექმნაც ხელოვან ჯეს უილერს უკავშირდება.


ფოტო: Belmond Le Manoir aux Quat' Saisons