ისტორიული საკულტო სასტუმრო - Belmond Mount Nelson კეიპტაუნში, Table Mountain-ის ძირში მდებარეობს და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ‘’ვარდისფერ ლედის’’. საუკუნოვანი სასტუმრო 1899 წლით თარიღდება. ვიქტორიანული სტილის არქიტექტურით გამორჩეული სასტუმრო გახსნის დღიდან მასპინძლობდა ცნობილ ადამიანებს - აქ ისვენებდნენ უინსტონ ჩერჩილი, ჯონ ლენონი, დედოფალი ელიზაბეტ II, დალაი ლამა და ნელსონ მანდელა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაარსებული სასტუმროს ფასადი 1918 წელს სიმბოლურად შეიღება ვარდისფრად, რითაც პირველი მსოფლიო ომის დასრულება აღინიშნა. სწორედ მას შემდეგ შეერქვა მას მეორე სახელწოდებად "Pink Lady".
როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ელემენტებით გაფორმებული Belmond Mount Nelson 198 ნომერს აერთიანებს, რომლებიც რამდენიმე სართულზე, სხვადასხვა სივრცეებშია განთავსებული. ამ სივრცეებს ერთმანეთთან ინგლისური ბაღები და პალმებითა და ყვავილებით გაწყობილი ბილიკი აკავშირებს. აქვე მდებარეობს ვიქტორიანული ეპოქის რესტავრირებული კოტეჯები და 1890-იან წლებში აშენებული ისტორიული ტერასული სახლების რიგი ორიგინალური თაღოვანი ვერანდებით, თითოეული ოთახი კი ძვირფასი ქსოვილებით გაფორმებული მყუდრო და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა.
Belmond Mount Nelson-ში რამდენიმე კულინარიული სივრცე და რესტორანი მდებარეობს, მათ შორისაა Oasis - რესტორანი გამორჩეული საუზმისა და ლანჩისთვის. Red Room by Chefs Warehouse შეფმზ ლაიმ ომლენის შექმნილი თანამედროვე პანაზიური მენიუთი. აქვეა Afternoon Tea თავისი ცნობილი ცერემონიით, 60 სახეობის ჩაითა და მრავალწლიანი ტრადიციით. სასტუმროს ნაწილია ჩოგბურთის კორტები და ორი გარე საცურაო აუზი. Oasis Pool სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუზია, ხოლო The Cottage Pool სასტუმროს ბაღში იზოლირებულ ადგილას მდებარეობს და მყუდრო ატმოსფეროს გთავაზობთ.
ფოტო: Belmond
დაწერე კომენტარი