Ibiza 1976 გერმანელი ფოტოჟურნალისტის, Walter Rudolph-ის გამორჩეული და საინტერესო ფოტოსერიაა იბიცას შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ Rudolph-მა ფოტოები 1976 წელს გადაიღო, საზოგადოებამ მათი უმეტესი ნაწილი მხოლოდ ბოლო წლებში აღმოაჩინა, როდესაც არქივული მასალა დამუშავდა და გამოიცა წიგნად - Walter Rudolph: Ibiza 1976. სერია დღეს არა მხოლოდ ფოტოების ნაკრებია, არამედ ‘’იბიცას დროის კაფსულს’’  წარმოადგენს და ასახავს იმ პერიოდს, როდესაც კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ დანიშნულებად ყალიბდებოდა. 

Walter Rudolph-მა ცხოვრების დიდი ნაწილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაატარა. Thomson-თან (TUI) და Iberia-სთან თანამშრომლობით, 1960-იან და 1970-იან წლებში ახალი საკურორტო ადგილების პოპულარიზაციისა და დოკუმენტირების მიზნით, ფოტოჟურნალისტი სტუმრობდა უამრავ მხარეს, ჰონგ-კონგიდან და კენიიდან, პორტუგალია და იტალიამდე. Kodak-ის ფერადი ფირზე გადაღებული ფოტოები ხშირად ხვდებოდა ფოტო-სააგენტოებში და სამოგზაურო ბროშურებში. 1976 წელს მისმა კარიერამ Rudolph კუნძულ იბიცაზე მიიყვანა, რომელიც იმ დროს ახალი ტურისტული ადგილი იყო და კუნძულს გარდამტეხი პერიოდი ჰქონდა. 

იმ დროისათვის კუნძულის მნიშვნელოვან მოვლენას ჰიპების მოძრაობა წარმოადგენდა. Rudolph-ის კადრებში ერთდროულად ჩანს ჰიპების კულტურა, ადგილობრივი ოჯახები, ტრადიციები, ტურისტები, სანაპიროს ცხოვრება, კუნძულისთვის დამახასიათებელი თავისუფლება და სასტუმროები, რომლებიც დღეს იბიცას სიმბოლოდ ითვლება. როგორც აღვნიშნეთ, Rudolph ამ ყველაფერს Kodak-ის ფერად ფირზე აღბეჭდავდა, რის გამოც კადრები ფერთა მრავალფეროვნებით, ბუნებრივი შუქითა და განათებით, სპონტანური და უნიკალური სცენებით გამოირჩევა. 

Ibiza 1976 სერიაში კარგად ჩანს იბიცას ვიწრო ქუჩები, კაფეები, რესტორნები, ქვის კიბეები, ჰიპების ფერადი ბაზრობები, ხელნაკეთი ნივთების გამყიდველები და ის ატმოსფერო, რომელმაც იბიცას განსაკუთრებული კულტურული იდენტობა ჩამოაყალიბა. სერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კადრი ისტორიულ სასტუმრო Montesol Hotel-ს ასახავს, რომელიც იმდენად სიმბოლურია, რომ წიგნის გარეკანზეც სწორედ ეს ფოტო მოხვდა. წიგნი გალერეა Agony + Ecstasy Gallery-მ გამოსცა შეზღუდული რაოდენობით - Ibiza 1976-ის სულ 500 ეგზემპლარია დაბეჭდილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს.