ქარიზმა, სექსუალურობა და როკ-ენ-როლის ენერგია - Alexander Skarsgård The Rolling Stones-ის ახალი სიმღერის, „Mr. Charm“-ის ვიდეოკლიპში მთავარ როლს ასრულებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა.

Alexander Skarsgård for @therollingstones.jpg 457.76 KB
რეჟისორ Henry Scholfield-ის მიერ გადაღებულ კლიპში მოქმედება კალიფორნიის უდაბნოს პეიზაჟებსა და ძველი ამერიკული ესთეტიკით შთაგონებულ სივრცეებში ვითარდება. Skarsgård ქარიზმატულ, თავდაჯერებულ და ოდნავ ექსცენტრულ პერსონაჟს განასახიერებს, რომელიც თავისი მოძრაობებით, ცეკვითა და გამომწვევი მანერებით გარშემომყოფებს თითქმის ჰიპნოზურ გავლენაში აქცევს.

ვიდეოს ვიზუალური სამყარო David Lynch-ის კინოს, 1970-იანი წლების ამერიკული კულტურისა და Bob Fosse-ის ქორეოგრაფიის გავლენებს აერთიანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Skarsgård-ის შესრულება - ცეკვა ერთდროულად ირონიული, სექსუალური და არაპროგნოზირებადია. ამ ქაოსურ სამყაროში ერთადერთი ადამიანი, რომელიც მის მომხიბვლელობას არ ემორჩილება, მოდელ Sara Sampaio-ს გმირია.

„Mr. Charm“ The Rolling Stones-ის 2026 წლის ალბომიდან Foreign Tongues არის და ჯგუფის კიდევ ერთი საინტერესო თანამშრომლობაა თანამედროვე კინოს ვარსკვლავთან. თუმცა ამჯერად მთავარი მხოლოდ მუსიკა არ არის - ეს არის პატარა კინემატოგრაფიული სანახაობა ქარიზმაზე, ირონიასა და იმ განსაკუთრებულ ენერგიაზე, რომელიც როკ-ენ-როლს დღემდე აქტუალურს ხდის.