1966 წელს ივ სენ ლორანმა ქალის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური სამოსი - Le Smoking წარადგინა და მოდის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. მამაკაცის კლასიკური სმოკინგის ქალის სილუეტზე მორგებით დიზაინერმა იმ დროისთვის დამკვიდრებული ჩაცმის წესები დაარღვია და შექმნა სამოსი, რომელიც თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სექსუალობის სიმბოლოდ იქცა.
60 წლის შემდეგ Saint Laurent საკულტო დიზაინის იუბილეს ახალი კამპანიით - Le Smoking, 60 Years of an Icon - აღნიშნავს, რომელიც მოდის, კინოსა და მუსიკის სამყაროს გამორჩეულ სახეებს აერთიანებს. ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილ კამპანიაში მონაწილეობენ ქეით მოსი, შარლოტ გენსბურგი, ზოი კრავიცი, Charli xcx, BLACKPINK-ის წევრი ROSÉ, ანოკ იაი, ანია რუბიკი, ფრენკი რეიდერი და ლოლი ბაია. კამპანიის მონაწილეებს შორის ასევე არიან პუერტორიკოელი მუსიკოსი Rauw Alejandro, მსახიობები Connor Storrie, Chen Zheyuan და Kento Yamazaki, ასევე სამხრეთკორეული ჯგუფის, CORTIS-ის წევრები James და Martin.
ფოტოგრაფ მარკ კინის მიერ შექმნილი შავ-თეთრი პორტრეტები Saint Laurent-ისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ ესთეტიკას აგრძელებს. კამპანიაში წარმოდგენილი 2026 წლის ზამთრის კოლექციის სმოკინგები მკაცრ სილუეტებს, დახვეწილ თარგებსა და თავისუფალ სტილს აერთიანებს. თითოეული მონაწილე Le Smoking-ს საკუთარი ინდივიდუალობით წარმოაჩენს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამოსის უნარს, გასცდეს სქესის, ასაკისა და ეპოქის საზღვრებს. კამპანიის ვიდეორგოლების რეჟისორია Dani Aphrodite.
საიუბილეო კამპანიასთან ერთად Saint Laurent კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს: 2027 წლიდან Le Smoking-ის წარმოება საფრანგეთში, მოდის სახლის საკუთარ ატელიეებში დაბრუნდება. ქალისა და მამაკაცის სმოკინგები - Atelier de Confection Saint Laurent-ში - ფრანგული სამკერვალო ტრადიციებისა და ხელით დამუშავების ტექნიკის დაცვით შეიქმნება.
ექვსი ათწლეულის შემდეგ Le Smoking კვლავ Saint Laurent-ის იდენტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად რჩება - დიზაინად, რომელმაც არა მხოლოდ ქალის გარდერობი შეცვალა, არამედ მოდაში თავისუფლებისა და ინდივიდუალობის ახალი წარმოდგენა დაამკვიდრა.








დაწერე კომენტარი