Saint Laurent 2026 წლის ზამთრის კოლექციისადმი მიძღვნილ ახალ კამპანიას აქვეყნებს, რომელიც მოდასა და მოგონებებს შორის დიალოგს ქმნის, ხაზს უსვამს დახვეწილ სილუეტებს, კონტრასტულ ფერებს და განათებას, ბუნებრივ გარემოსა და არქიტექტურულ ელემენტებს. ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ენტონი ვაკარელომ კამპანიის ადგილად მაროკოში, მარაკეშის ცენტრში მდებარე ივ სენ ლორანის Villa Oasis შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კამპანიაა, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ მის საცხოვრებელ Villa Oasis‑ში გადაიღეს. საცხოვრებელი თავდაპირველად მხატვარ ჟაკ მაჟორელისთვის აშენდა, 1980 წელს კი ის ივ სენ ლორანმა შეიძინა და წლების განმავლობაში ვილა მისი შთაგონების წყარო იყო.
კამპანიის მთავარი მახასიათებელი ფერთა პალიტრა და ეგზოტიკური გარემოა. ლურჯი ფერის ვილა, რომელიც ბოტანიკური ბაღით, ფერადი ყვავილებითა და კაქტუსებით არის გარშემორტყმული, Saint Laurent-ის ზამთრის კოლექციას ეხმიანება. კამპანიის ფოტოები დრიუ ვიკერსმა გადაიღო, მათგან კი Arnaud Michaux-მა კოლაჟები შექმნა, რომელმაც კამპანიას არაორდინალური და ორიგინალური სახე მისცა, მასში სილუეტები და არქიტექტურა სხვადასხვა ფორმით და სტილით არის წარმოდგენილი. კამპანიაში მონაწილეობენ მოდელები - Ajus Samuel, Lota Blaskovic, Noor Khan და Libby Taverner.
ფოტო: Saint Laurent
დაწერე კომენტარი