Saint Laurent ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით 2025 წლის საშემოდგომო კამპანიას, სახელწოდებით "Velvet Heat" აქვეყნებს, რომლის მთავარი სახე ქეით მოსია, მასთან ერთად კი ახალ კამპანიაში ქლოე სევინი და ფრენკი რეიდერი მონაწილეობენ. ფოტოგრაფ მერტ ალასის მიერ ლოს-ანჯელესის ქუჩებსა და ქვიშიან სანაპიროზე აღბეჭდილი "Velvet Heat" კინემატოგრაფიული სილუეტებით, თავისუფალი და დახვეწილი სტილით, Saint Laurent-ის ელეგანტურობას განასახიერებს და ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაკარელოს უნიკალურ და დამახასიათებელ ხელწერას. 

კამპანია მეგობრობისა და თავისუფლების თემებს ეხმიანება, ფრანგული მოდის სახლი უახლეს ფოტოებს "რეალურ მომენტებს" უწოდებს და მათ "მეგობრობისა და თავისუფლების ფრაგმენტებად’’ მოიხსენიებს. Velvet Heat-ის ფოტოებს ემოციების, თავდაჯერებულობისა და თავისუფლების გამოხატვა, ბუნებრივი განათება და მკვეთრი ჩრდილები ახასიათებს. კამპანიაში ვხვდებით 2025 წლის შემოდგომის პრე-კოლექციას, მათ შორის აბრეშუმის ქვედაბოლოებს, ტყავის და ბეწვის მოსაცმელებს, აქსესუარებს - სხვადასხვა სტილის სათვალეებსა და ოქროს სამკაულებს, ასევე სახლის ცნობილი ჩანთების მოდელებს - Icare, Loulou-სა და Jamie-ს.


ფოტო: მერტ ალასი