არის ზაფხული, რომლის დაგეგმვაც შეუძლებელია - მზით გახურებულ ქვებზე, მარილის კვალით კანზე, უსასრულოდ გაწელილი შუადღეებით და იმ იშვიათი შეგრძნებით, როცა არსად არ გეჩქარება. სწორედ ასეთი ზაფხულის განწყობას ეძღვნება Respiro - Saint Laurent-ის ახალი საზაფხულო ისტორია, შექმნილი ენტონი ვაკარელოს ხედვით.

Henrik Purienne-ის კამერით გადაღებული კამპანია ხმელთაშუა ზღვის სამყაროში იშლება და მოდასა და ცხოვრების სტილს შორის საზღვრებს შეგნებულად შლის. Jenn Du Puy, Loli Bahia, SJ, Mona Tougaard და Vittoria Ceretti კამპანიის მთავარი გმირები არიან - ისინი უფრო ფილმის პერსონაჟებს ჰგვანან, ვიდრე კლასიკური fashion campaign-ის მოდელებს.

Respiro - იტალიურად „ვსუნთქავ“ - კამპანიის მთავარ იდეასაც ზუსტად გამოხატავს. ეს არის მოწოდება შენელებისკენ, მომენტის შეგრძნებისა და ზაფხულის ბუნებრივი რიტმისთვის მინდობისკენ. Purienne-ის ფოტოგრაფია ამ განწყობას მზის ოქროსფერი შუქით, სხეულებით, არქიტექტურითა და ზღვის პეიზაჟებით ქმნის, სადაც ყველაფერი ერთი დიდი კინემატოგრაფიული სცენის ნაწილად იქცევა.

კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია Villa Santo Sospir - ჟან კოქტოს ლეგენდარული სახლი საფრანგეთის რივიერაზე. ხელოვნებასთან, კინოსა და ხმელთაშუა ზღვის კულტურასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული სივრცე იდეალურად ეხმიანება ვაკარელოს Saint Laurent-ის ხედვას - სამყაროს, სადაც მოდა მხოლოდ სამოსი არ არის, იგი გარკვეული ცხოვრების წესის გამოხატულებად იქცევა.

კოლექციაც ამ განწყობის გაგრძელებაა: მსუბუქი სილუეტები, ჰაეროვანი კაბები, დელიკატური ტოპები და ზაფხულის თავისუფალი ფორმები Saint Laurent-ის აქსესუარებთან ერთიანდება. რაფიის Panier და Loulou ჩანთები, Cassandre tank top-ი და სხვა დეტალები თითქოს თავად ხმელთაშუა ზღვის პეიზაჟიდან მოდის - ისინი გარემოს არ ეწინააღმდეგება, არამედ მის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

Respiro-ს სამყარო მხოლოდ ტანსაცმლით არ შემოიფარგლება. Saint Laurent-ის საზაფხულო ესთეტიკა ყოველდღიური ცხოვრების სხვა დეტალებშიც გრძელდება — Saint Laurent Rive Droite-ისთვის შექმნილი Wilson-ის ჩოგბურთის რაკეტა, ხელნაკეთი Jitensha-ს ელექტროველოსიპედი, Fieldbar-ის მაცივარი და პლაჟის აქსესუარები ზაფხულს სრულყოფილ lifestyle-ად წარმოაჩენს.

საბოლოოდ, Respiro ზაფხულის ხელახლა გამოგონებას არ ცდილობს, პირიქით - ის მის ყველაზე ნაცნობ და ამავდროულად ყველაზე მიმზიდველ განცდებს აგროვებს: თავისუფლებას, ინტიმურობას, მზის სინათლეს, მოძრაობას და იმ ძალდაუტანებელ ელეგანტურობას, რომელიც თითქოს არაფერს ცდილობს.

Henrik Purienne-ის ობიექტივში ეს ყველაფერი მოდის კამპანიაზე მეტია — ფრაგმენტებია ცხოვრებიდან, რომელშიც დღეები ნელა გადის, ზღვა ყოველთვის ახლოსაა და ელეგანტურობა ბუნებრივ მდგომარეობად იქცევა.