Chanel-მა ახალი 2025-26 წლის კრუიზ-კოლექცია წარადგინა, რომლის ჩვენება კომოს ტბასთან მდებარე საკულტო სასტუმროში, იტალიური ელეგანტურობის სიმბოლოდ წოდებულ Villa d'Este-ში გაიმართა. ჩვენებაზე, რომელმაც ფრანგული მოდის სახლის მარადიული სტილის, კომოს ტბის ბუნებრივი სილამაზისა და იტალიის ესთეტიკის სინთეზი შექმნა, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოდელებმა - მატილდა გვარლიანმა და ნასტასია ლეგრან ბაბლუანმა. Chanel-ის გუნდი კოლექციის წარდგენისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კინემატოგრაფიას - ახალი კრუიზ-კოლექციის აღსანიშნავად რეჟისორმა სოფია კოპოლამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.

IMG_1240.PNG 453.88 KB
‘’Chanel-ს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მშვენიერია გაბრიელ შანელისა და ლუკინო ვისკონტის ურთიერთობის აღმოჩენა, ისევე როგორც სხვა მრავალი ურთიერთობა, რომელიც მას ხელოვნების მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ჰქონდა. ეს ადგილი გიწვევთ გახდეთ იტალიური ელეგანტურობისა და კულტურის ნაწილი." - აღნიშნავს სოფია კოპოლა. Chanel-ის უახლესი ჩვენების ატმოსფერო სწორედ კოკო შანელის მეგობრის, საკულტო იტალიელი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის კინემატოგრაფიითაა შთაგონებული, რომელსაც კომოს ტბასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ასევე ლოკაციის შერჩევა უკავშირდება შანელის სიყვარულს იტალიისადმი, დიზაინერი პირველად ვენეციას, 1920 წელს ესტუმრა და ქალაქში არსებული ხელოვნების შედევრები მისი ინსპირაციის წყაროც გახდა.
IMG_1238.PNG 511.82 KB
ტვიდის კოსტიუმები, გამჭირვალე კაბები, ზოლიანი პრინტები, ყვავილოვანი ნაქარგები და პასტელური ფერები - Chanel-ის დიზაინის ჯგუფი დეტალების გათვალისწინებით ფრანგული ბრენდის დამახასიათებელი ხელწერით მუშაობას აგრძელებს, სულ მალე კი მოდის სახლისთვის დიზაინს ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი Matthieu Blazy შექმნის. კოლექციის ფერები იდეალურად ეხამება Villa d'Este-ის თვალწარმტაცი ბაღებისა და კომოს ტბის მრავალფეროვან პალიტრას. კრუიზ-კოლექციის ნაწილია აქსესუარები - აბრეშუმის შარფები, ხელთათმანები, სათვალეები და სანაპიროს რაფსის ჩანთები. Villa d'Este-ს ჩვენების ფარგლებში სტუმრობდნენ სოფია კოპოლა, Lupita N’yongo, კირა ნაითლი, სარა ქეთრინი, ფერნანდა ტორესი, მარგარეტ კუელი და სხვა ცნობადი სახეები.