Pito Seturi - ქართველი დიზაინერის და ტატუ არტისტის, პიტო სეთურიძის ბრენდი ახალ მიმართულებას ქმნის და Seturi Home-ის სადებიუტო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც დიზაინერის ექსკლუზიური ნაქარგებით, ხელით დახატული ესკიზებით გაფორმებულ სახლის ინტერიერის ნივთებს გვთავაზობს. კოლექცია თეთრეულს, მაგიდის გადასაფარებლებს, ხელსახოცებს და იაპონური სტილის სახლის ჩუსტებს აერთიანებს. ბუნებრივი ტექსტურებით, დახვეწილი, ექსკლუზიური სტილით, ნეიტრალური ფერებითა და მიწიერი ტონებით გამორჩეული კოლექცია შექმნილია იმისათვის, რომ თქვენს საყვარელ სივრცეს კიდევ უფრო მეტი კომფორტი, სიმყუდროვე, უნიკალური ხასიათი და დამახასიათებელი ესთეტიკა შესძინოს.  

პიტო სეთურიძე, დიზაინერი, ბრენდ Pito Seturi-ის დამფუძნებელი:

‘’ვფიქრობ, რომ ოთახების ‘’სთაილინგი’’ და სივრცის გაფორმება სხვადასხვა ნივთით ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ნიუ-იორკში სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდი და ჩემმა ინტერესებმა და გამოცდილებამ დამაფიქრა, რომ საქართველოშიც გვჭირდება ეს მიმართულება და მეტი აქცენტი იმ ნივთებზე, რომლებიც ინტერიერის დიზაინს მნიშვნელოვნად განაპირობებს. Seturi Home კოლექცია ჩემი ესთეტიკის ნაწილია, ის, რაც ჩემ გარშემო, სივრცესა და ინტერიერში მომწონს, მინდა, სხვებსაც გავუზიარო, რომ მათაც შეძლონ შეძენა. 

კოლექცია აქცენტს აკეთებს ნატურალურ მასალებზე, გამოყენებული გვაქვს ძირითადად 100% ტილო, ნატურალური და ეკოსახლთან აპრობირებული მასალები. გვაქვს ტილოს თეთრეული ლოგინის "სთაილინგისთვის", მაგიდის გადასაფარებლები, რომლებიც მრავალფუნქციურად გამოიყენება, ხელსახოცები და ტყავის ჩუსტები სახლისთვის. პროდუქციას აქვს ამოქარგული სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები, ჩემი შექმნილი ესკიზები, რომელიც გადავიტანეთ პროდუქტებზე, რაც მათ უნიკალურობას ანიჭებს. პირველი კოლექცია არის კონკრეტულად ერთი ნახატის გარშემო, შედარებით სადა და მყუდრო, კომფორტულ გარემოზე მორგებული, რაც სივრცეს სახლურ იერს მიანიჭებს.

რაც შეეხება ფერებს, კოლექციის შექმნისას მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ ნეიტრალურ ფერებზე და ბუნებრივ, მიწიერ ტონებზე, რაც სივრცეში სიმშვიდის და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს. კოლექცია მზარდია და მუდმივად განვითარებადი, ვაპირებთ ბევრი სხვა დიზაინერული ობიექტის შემოტანას, რაც დაკავშირებულია სახლთან და მის კომფორტთან. კოლექციის იერსახე შეიცვლება ახალ-ახალი ნახატებისა და ესკიზების მიხედვით, რაზეც მუშაობა უკვე დავიწყე. Seturi Home არის ის, რაც სახლს კიდევ უფრო ძვირფასს, მყუდროს და ესთეტიკურს გახდის".