Jacquemus ახალ კოლექციის - Le Paysan-ისადმი მიძღვნილ კამპანიას აქვეყნებს, რომელიც ეხმიანება მოდის სახლის დამფუძნებლის - სიმონ პორტე ჟაკმუსის ბავშვობის მოგონებებს და ადგილს, სადაც მრავალი წელი გაატარა. ნოსტალგიური კამპანია საფრანგეთის მზიან პროვანსშია გადაღებული. ჟაკმუსი თავისი ბავშვობის მოგონებებს პატარა ვიდეოებით გვიყვება. ის თავისი ოჯახის, წინაპრებისა და მათი მოგონებების პატივსაცემად, კამპანიის ფარგლებში, ძველ ფოტოებს გვიზიარებს, რომლებსაც დიზაინერი თანამედროვე ცხოვრებაში თარგმნის და მოდელები წლების წინანდელ კადრებს უცვლელად აცოცხლებენ.


გარდა წარსულისა, სიმონ პორტე ჟაკმუსი ამ კამპანიით მომავლის ხედვასაც აღნიშნავს, ის იმ ორ სამყაროს აერთიანებს, რომელშიც ყველაფერი პატარა ოცნებებით დაიწყო და რომლისკენაც დღემდე მიისწრაფვის. Le Paysan კოლექციის ჩვენება 29 ივნისს Orangerie du Château de Versailles-ში - ვერსალის ორანჟერეაში გაიმართება. Jacquemus-ისა და ვერსალის კავშირი ახალი არ არის - 2022 წელს სიმონ პორტე ჟაკმუსმა კოლექცია  - "Le Chouchou" - სწორედ ვერსალში, გრანდ კანალის გარშემო წარადგინა.


ფოტო: Jacquemus