სიცილიაში, ვალ დი ნოტოს ხეობაში, მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის კორომებითა და პალმებით გარშემორტყმული ბუტიკ სასტუმრო - Braccialieri Luxury Resort & Eco Villas გაიხსნა, რომელიც XIX საუკუნის ფერმის ტერიტორიაზე აშენდა და როგორც არქიტექტურული, ისე ინტერიერის დახვეწილი დეტალების, გამორჩეული ლანდშაფტის, ტრადიციებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმას წარმოადგენს. უნიკალური მიწის წარსულის, აწმყოსა და მომავლის გააზრებით დაპროექტებული სასტუმრო ავთენტურ სიცილიურ არქიტექტურას, დიზაინს, სტილსა და კულტურას უსვამს ხაზს და იდეალურად ეხმიანება იტალიურ Dolce Vita-ს.
სასტუმროს გამორჩეული ნაწილი, რომლითაც ის მალევე გახდა პოპულარული და საზაფხულო დასვენებისთვის მოთხოვნადი დანიშნულების ადგილი, გარე საცურაო აუზია, რომლის დიზაინის შექმნა ალესანდრო ენრიკესს უკავშირდება. აუზი შთაგონებულია ტრადიციული სიცილიური სამზარეულოს იატაკით, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ‘’ჭადრაკის ფილებით’’ გაფორმებული დიზაინით. აუზი გარშემორტყმულია ყვავილოვანი პრინტიანი ქოლგებითა და შეზლონგებით.
Braccialieri-ის ყველაზე ძველ ნაწილში 3 ლუქს ნომერია, ეზოში კი 6 ეკო ვილაა განთავსებული, რომლებიც ბუნებასთან მაქსიმალური კავშირისა და იდეალური ჰარმონიისთვის შეიქმნა. თითოეული ვილა აშენებულია ბუნებრივი, ადგილობრივი მასალებით და ორიენტირებულია სტუმრების კომფორტსა და სიმშვიდეზე. ისინი გაფორმებულია ლანდშაფტის შესაბამისი ფერებით, ინტერიერის მინიმალისტური დიზაინით და აქვს კერძო ვერანდები თვალწარმტაცი ხედებით ზღვასა და ვალ დი ნოტოს კლდეებზე.
სასტუმროში მდებარეობს რესტორანი Dodici Zappe, რომელიც მე-19 საუკუნის უძველესი წისქვილის ადგილს იკავებს. Braccialieri-ის მთავარ გასტრონომიულ სივრცეს შეფმზარეული ფრანჩესკო გიურა უძღვება, რომელიც ორგანული ინგრედიენტებით შექმნილ სეზონურ სიცილიურ კერძებსა და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციებზე აკეთებს აქცენტს - მრავალფეროვანი მენიუთი და შთამბეჭდავი ხედებით ზეთისხილის ბაღებსა და ზღვაზე.
ფოტო: Braccialieri, Artemest
დაწერე კომენტარი