Balenciaga 2025 წლის ზამთრის კამპანიას აქვეყნებს, რომელიც იურგენ ტელერმა გადაიღო და ფოტოგრაფის 1999 წლის სერიის, „The Clients“-ის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს, ტელერმა წლების წინანდელ სერიასა და უახლეს კამპანიას შორის ვიზუალური და თემატური ღრმა კავშირი შექმნა. კამპანიის ფარგლებში ტელერმა თავის მეუღლესთან და შემოქმედებით პარტნიორთან - დოვილთან ითანამშრომლა. უახლესი ფოტოები Biarritz-ის ცნობილ სასტუმროში, Hôtel du Palais-შია გადაღებული და სხვადასხვა სივრცეში ასახავს ბრენდის ამბასადორებს - ნიკოლ კიდმანსა და იზაბელ იუპერს, კლაუდია შიფერთან, პატრიკ შვარცენეგერთან, არტურ ჩენთან და ისეთ მოდელებთან ერთად, როგორებიც არიან ლიუ ვენი, როქსანი და Adut Akech.


ახალი კამპანია ასახავს Balenciaga-ს ზამთრის 2025 წლის კოლექციიდან სამოსის ფართო სპექტრს, ელეგანტურ და დახვეწილ სილუეტებს - როგორც ყოველდღიურ სამოსსა და საღამოს  გამოსასვლელ კაბებს, ისე სპორტულ ელემენტებს, მათ შორის Balenciaga X Puma კოლაბორაციიდან. ასევე, კოლექციის ნაწილია სეზონური აქსესუარები, კამპანიაში ჩანთების რამდენიმე ახალ დიზაინს შეხვდებით, მათ შორის Rodeo Handbag-ისა და Le City Bag-ის  სხვადასხვა ფერის ზამშის, ასევე Carrie Carry-All-ის განახლებულ მოდელებს. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფეხსაცმელებიც, კამპანიაში აღმოაჩენთ მოდის სახლის ყველაზე ცნობილ მოდელებს, როგორებიცაა Shibuya Pump, Hamptons Sneaker და Bel Air Flat Balerina. კამპანიას თან ახლავს ტელერის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ფოტოგრაფი შემოქმედებითი პროცესის შესახებ გვიყვება.