სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ნოტოს მახლობლად უძველესი მონასტრის ნაგებობა მდებარეობს, რომელიც ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა - ჟაკ გარსიამ აღადგინა, ზედმიწევნით განაახლა და საკუთარ კერძო საცხოვრებლად აქცია. აღსანიშნავია, რომ გარსიას Villa Elena ცნობილი სერიალის The White Lotus-ის მეორე სეზონში მნიშვნელოვანი და გამორჩეული ლოკაცია იყო. ვილა სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის - Quentin-ის საცხოვრებელი სახლი იყო. ფერადი ნახატებით, ფრესკებით, ბიუსტებითა და მრავალფეროვანი ანტიკვარიატით გაფორმებულმა სახლმა მაყურებლის დიდი ყურადღება დაიმსახურა. 

ისტორიული შენობა, რომელიც ქალაქ ნოტოსთვის დამახასიათებელი ოქროსფერი ქვით არის აგებული, აერთიანებს არაბულ, ნორმანდიულ, რენესანსულ და ბაროკოულ გავლენებს, რომლებიც ერწყმის სიცილიის მრავალფეროვან ისტორიას. დახვეწილი ვილა გარშემორტყმულია პანორამული ხედების მქონე ტერასებით, ქანდაკებებით, ზეთისხილის კორომებით, სუკულენტებითა და ანტიკური დეტალებით, რაც ხაზს უსვამს გარსიას სიყვარულსა და პატივისცემას ძველი კულტურისადმი.

ჟაკ გარსიამ ვილა ელენას თითოეული ოთახის აღსადგენად ისეთი ძვირფასი მასალები გამოიყენა, როგორებიცაა ფერადი მარმარილო, აბრეშუმი, ხავერდი და უძველესი მაიოლიკა. შენობის ყველა კუთხეში უამრავ საინტერესო ნივთს ვხვდებით - ვილაში ნაქარგი აბრეშუმებითა და როკოკოს სტილის სარკეებით გაფორმებული მუსიკალურ ოთახი მდებარეობს, აქვეა მოოქრული სასადილო ოთახი მე-18 საუკუნის მურანოს ჭაღითა და ანტიკვარული იტალიური სკამებით. კედლები გაფორმებულია ბაროკოს ნახატებით, ხოლო მთელ სივრცეში განთავსებულია სიცილიური ავეჯის უნიკალური კოლექცია და სკულპტურები.

უნიკალური სახლის ინტერიერის გასაცნობად ჟაკ გარსიამ თავდაპირველად წიგნი, სახელწოდებით "Jacques Garcia: A Sicilian Dream: Villa Elena" გამოაქვეყნა, რომელიც ვილად გარდაქმნილ XVII საუკუნეში აშენებული ნაგებობის დეტალებს, დახვეწილი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს აღწერს. ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის შერწყმა, ისტორიული ელემენტებისა და თანამედროვე სტილის სინთეზი, ანტიკვარული ობიექტები და ელეგანტური დიზაინი კარგად ასახავს ჟაკ გარსიას სილამაზის აღქმას, მის დამახასიათებელ ხელწერასა და ინდივიდუალიზმს.