ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილას - პულიას სელვა დი ფასანოში ზედმიწევნით აღდგენილი მე-19 საუკუნის პალაცო, დღევანდელი Villa Colucci გაიხსნა, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ ჩაუტარდა რესტავრაცია და სტუმრებს თანამედროვე დიზაინთან შერწყმული საუკუნოვანი ისტორიით ხვდება. Villa Colucci უძველესი ზეთისხილის კორომებითაა გარშემორტყმული და პულიას ლანდშაფტთან იდეალურად არის შერწყმული. რესტავრაციის პროცესში შენარჩუნდა ძველი ელემენტები, მათ შორის - ფრესკები და ტერაცოს იატაკი. ფასადზე დიდი ასოებით დაწერილ იტალიურ მისალმებას - "Salve"-ს ამოიკითხავთ.
მე-19 საუკუნეში აშენებული ვილა 25 წელზე მეტი სრულიად ცარიელი იყო, გასულ წელს კი ორი დანიელი ოჯახის ხელმძღვანელობით ვილას აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივ ხელოსნებთან თანამშრომლობით დაიწყო. გუნდის მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო და ზედმიწევნით აღდგენილიყო უძველესი დეტალები - მისი განმსაზღვრელი ნიშნები და წითელი ფასადი. ვილა დღეს წარსულისა და აწმყოს ერთიანობას და ბალანსს ქმნის, რადგან თანამედროვე ელემენტების დამატებასთან ერთად, აქ უამრავ საგულდაგულოდ შენახულ არქიტექტურულ და დიზაინერულ ნიმუშებს შეხვდებით. ვილაში დღესდღეობით 10 საძინებელი ოთახი, მოსასვენებელი სივრცეები და ღია საცურაო აუზია წარმოდგენილი, მიმდებარედ კი 20000 კვადრატულ მეტრზე ზეთისხილის კორომებია, რაც აქ დასვენებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
Villa Colucci ერთ სივრცეში თავს უყრის ისტორიას, არქიტექტურას, დიზაინს და თანამედროვე ხელოვნებას. აქ ყველგან ხელოვნების ნიმუშებია, რომლებიც არა მარტო გაფორმება, არამედ დიდი მნიშვნელობის მქონე ძვირფასი მემკვიდრეობაა. კედლებს ამშვენებს ისეთი ხელოვანების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორებიცაა მაგნუს ფისკერი, ემა კოლმანი, ენდი ფიშერი, ანტონ ფანკი და პიტერ დოიგი. Villa Colucci-ში ასევე წარმოდგენილია სტივენ ბერდის კერამიკული კოლექცია, Lulú Kaalund-ის ნაქარგები, Loji Höskuldsson-ის ნაქსოვი ტილოები, Karl Monies-ის ტექსტილის ნამუშევრები, Nat Bloch Gregersen-ის ინსტალაციები და Bjørn Wiinblad-ის სკულპტურები.
იტალიური და სკანდინავიური სტილით შექმნილი ვილას სივრცეების დახვეწილ ესთეტიკას ასევე აფორმებს ავეჯი, რომელიც წარმოადგენს ცნობილი დანიური დიზაინის ბრენდის - HAY-ის სხვადასხვა დიზანერთან თანამშრომლობით შექმნილ ნამუშევრებს, მაგალითად, Muller Van Severen-სთან, ბრუნო რეისთან და ჰესიკა ჰანსთან თანამშრომლობით შექმნილ ნივთებს. ვილაში საკულტო ვინტაჟურ ავეჯსაც შეხვდებით, აქ ნახავთ Gio Ponti-ის სკამებსა და Vico Magistretti-ის დივნებს, მნიშვნელოვან არტეფაქტებს, რომლებიც წლების განმავლობაში შეგროვდა როგორც ვინტაჟური მაღაზიებიდან, ისე სხვადასხვა აუქციონზე. ასე რომ, Villa Colucci-ში ვინტაჟურ და თანამედროვე ობიექტებს, ასევე უამრავ ხელოვნების ნიმუშს აღმოაჩენთ, თითოეული სივრცე აქ წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგს ქმნის და ერთგვარ მხატვრულ ისტორიას ჰყვება.
ფოტო: Villa Colucci
დაწერე კომენტარი