კულინარიით გატაცებული ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი ახალ წამოწყებას გვიზიარებს, მან ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ ბრენდ Flamingo Estate-სთან თანამშრომლობით, რომელიც სახლისა და ბაღის ნივთებს აწარმოებს, ლიმიტირებული რაოდენობის პიკანტური და ყვავილოვანი კიტრის მწნილი - “Pamela's Pickles” შექმნა, რომელიც ანდერსონის ოჯახურ რეცეპტს ეფუძნება. Pamela's Pickles შთაგონებულია ანდერსონის ბოლო კულინარიული წიგნით - ‘’I Love You: Recipes from the Heart.’’

ახალი მწნილის საიდუმლო არის რეცეპტი, რომელიც ანდერსონს მისმა დიდმა დეიდამ გადასცა. რეცეპტს, რომლის მთავარი სანელებლები კიტრთან შეზავებული კამა, მდოგვი და ნიორია, ანდერსონმა გამხმარი ვარდის ფურცლები დაამატა, ხოლო Flamingo Estate-მა, რომელიც ცნობილია რეგენერაციულ ინგრედიენტებზე ფოკუსირებით, რეცეპტში შეიტანა ვარდისფერი წიწაკის მარცვლები, Guajillo Chile, რეგენერაციული წიწაკა Espelette და შებოლილი ზღვის მარილი. შედეგად, შეიქმნა ორგანული ინგრედიენტებით მომზადებული მწნილი. 

ახალი, პიკანტური მწნილის შექმნის იდეა ანდერსონს Flamingo Estate-ში საუზმობის დროს გაუჩნდა, სადაც იგი ჰყვებოდა ისტორიებს ვანკუვერის კუნძულზე მისი ოჯახის მრავალწლიანი ტრადიციის, მწნილის დამზადების პროცესის შესახებ. ‘’მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ, რამდენიმე ასეული ქილა ყველაზე გემრიელი მწნილისა, რაც კი ოდესმე გაგვისინჯავს‘’. - წერს Flamingo Estate. Pamela's Pickles-იდან მიღებული შემოსავლის 100% გადაეცემა კალიფორნიის ველური ბუნების ცენტრს, რომელიც თითქმის 30 წელია ყოველი წლის განმავლობაში ეხმარება ათასობით დაშავებულ გარეულ ცხოველს და თავისი წვლილი შეაქვთ მათ რეაბილიტაციაში.


ფოტო: Flamingo Estate