კრისტიან ლუბუტენი გარდა თავისი შემოქმედებისა მოდის ინდუსტრიაში, გამოირჩევა ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურისადმი ინტერესითა და მის მიერ შექმნილი პროექტებით. დაახლოებით 2 წლის წინ ლუბუტენმა პორტუგალიის სოფელ მელიდესში პირველი სასტუმრო - Vermelho გახსნა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სულ ახლახან კი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე უახლესი პროექტი - ვილა La Salvada წარადგინა, რომელიც ადგილმდებარეობით, დახვეწილი ვარდისფერი ფასადითა და ლუბუტენის შექმნილი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა.
ორსაძინებლიანი ვილა La Salvada შექმნილია ეგვიპტელი არქიტექტორის - ტარეკ შამას მიერ, ლუბუტენის სასტუმროს შემდეგ ეს სივრცე უფრო მეტ კომფორტსა და მშვიდ დასვენებაზე აკეთებს აქცენტს. არქიტექტორ შამას მთავარი ამოცანა იყო შეექმნა ყველასათვის შთამაგონებელი სივრცე, რომელიც მაქსიმალურად დაუკავშირდებოდა გარემოს. სწორედ ამიტომ, La Salvada თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ტერასებითა და 360-გრადუსიანი პანორამული ხედებით ალენტეხოს დაბლობზე, შიდა და გარე სივრცეებს უკავშირდება და ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს. ეზოს კაქტუსები, დეკორატიული მცენარეები, აუზი და მოსასვენებელი სივრცე ამშვენებს.
La Salvada-ს დიზაინი აერთიანებს თანამედროვე სტილს ტრადიციულ ხელობასთან, ადგილობრივი მასალისა და გამორჩეული ტექნიკის გამოყენებით. პროექტის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ადგილობრივ ხელოსნებთან თანამშრომლობამ, რომლებმაც საუკუნოვანი ტექნიკით იმუშავეს და შედეგად, შენობის თითოეულ კუთხეში რეგიონის მდიდარ მემკვიდრეობას ამოიკითხავთ. ტრადიციული პორტუგალიური და ამავდროულად, მაროკოს არქიტექტურის შთაგონებით შექმნილი ვილა ეფუძნება ისეთ მასალებს, როგორებიცაა ადგილობრივი ქვა და გრანიტი, ხელნაკეთი პორტუგალიური ტერაკოტას ფილები, ინტერიერის დიზაინში კი მრავლად ვხვდებით ნატურალური რატანის ქსოვილებს, თბილ და ნათელ ტექსტურებს, სპეციალურად შერჩეულ ავეჯსა და ვინტაჟურ ნივთებს. ორ საძინებელთან ერთად ვილა აერთიანებს მისაღებსა და დიდ სამზარეულოს სასადილო ოთახით, თითოეული სივრცე თავისი ინტერიერით და დიზაინერული ობიექტებით ქმნის ძველ, ტრადიციულსა და ახალ, თანამედროვე სტილს შორის მნიშვნელოვან კავშირს.
დაწერე კომენტარი