Louis Vuitton-ის შემოქმედება წლებია, რაც მოგზაურობას უკავშირდება - ბრენდის კამპანიები და კოლექციები ხშირად სწორედ მოგზაურობის შთაგონებით იქმნება, ცნობილ სამგზავრო ჩანთებს კი საუკუნოვანი ისტორია აქვს. ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კონცეპტუალური პროექტია L’Âme du Voyage, რომელიც აქცენტს აკეთებს მოგზაურობაზე, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობასა და Louis Vuitton-ის სამოგზაურო ნივთებზე. ამჯერად ახალი კამპანია ჩინეთის ულამაზეს პეიზაჟებს ამერიკელი ფოტოგრაფის - ალეკ სოტის ობიექტივში წარმოადგენს.
კამპანია გადაღებულია წყალსა და მთებში მოქცეულ, უნიკალური ლანდშაფტისა და სილამაზის მქონე ქალაქ გიულინში. კარსტების, მთებისა და მდინარეების ფონზე Louis Vuitton საკულტო ნივთებს - Monogram Horizon ჩემოდნებს, Soft Keepall, Alzer და Coffret ჩანთებს წარმოადგენს, რომლებიც ხელახალი ინტერპრეტაციებით იქმნება. გარდა ბუნების სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისა, Louis Vuitton ამ კამპანიით მოდას, ხელოვნებას, მოგზაურობასა და ბრენდის მარადიულ ხელწერას აერთიანებს. მოგზაურობის იდეაზე დაფუძნებულ L’Âme du Voyage პროექტს ბრენდი 2000-იანი წლებიდან წარმოადგენს და მას შემდეგ მოიცავს კოლაბორაციებს სხვადასხვა ხელოვანთან, მწერალთან, ფოტოგრაფთან და დიზაინერთან, რომლის ფარგლებშიც საინტერესო და ვიზუალურად დახვეწილი კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იქმნება.
დაწერე კომენტარი