უინძორის ჰერცოგინია უოლის სიმპსონი თავისი ცხოვრებით მუდმივად ყურადღების ქვეშ ექცეოდა, მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგაც სიმპსონის ისტორიები და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები ეკრანებზე ფილმების სახით ცოცხლდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან წლების განმავლობაში შეძლო ინდივიდუალური, პერსონალური და დასამახსოვრებელი სტილი შეექმნა. სიმპსონმა სამოსისა და აქსესუარებით მიმართ დაფიქრებული მიდგომით, რომლითაც იგი საკუთარ თავს უნიკალურად გამოხატავდა, მოდის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.
უოლის სიმპსონი მრავალი ცნობილი დიზაინერის მუზა იყო, მისი სტილი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებასა და აღტაცებას, სიმპსონის კლასიკური და ავანგარდული ელემენტების შერწყმა დღემდე ბევრი ადამიანის შთაგონების წყაროდ რჩება. სიმპსონი თავადაც თანამშრომლობდა რამდენიმე მოდის სახლსა და გამორჩეულ დიზაინერთან, რომელთა შექმნილი სამოსით იგი ყველაზე ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში. სიმპსონი Dior-ის ერთ-ერთი პირველი და ერთგული მომხმარებელი იყო. ფრანგული მოდის სახლის დახვეწილი, ქალური სილუეტები და ელეგანტურობა იდეალურად გამოხატავდა სიმპსონის ინდივიდუალიზმს და მის ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სახლის დამფუძნებელმა კრისტიან დიორმა სიმპსონს "ყველაზე ელეგანტური ქალი" უწოდა.
უოლის სიმპსონის სტილი თითქმის ყოველთვის მინიმალიზმს ეფუძნებოდა, იგი ირჩევდა მარტივ და დახვეწილ სამოსს, ზედმეტი დეკორაციებისა და გაფორმებების გარეშე. სიმპსონის ჩაცმულობა ხშირად ხაზს უსვამდა მის მოხდენილ ფიგურას, ცნობილი მოდის სახლები ხშირად სპეციალურად ჰერცოგინიისთვის კერავდნენ სამოსს. მისი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერი კრისტობალ ბალენსიაგა იყო, იგი ხშირად ჩნდებოდა Balenciaga-ს კოსტიუმებში, კლასიკურ სამოსში, რომელიც მკვეთრ ფორმებს უსვამდა ხაზს.
უოლის სიმპსონის ყველაზე ცნობილი და ისტორიული ლუქი მისი საქორწინო კაბა იყო, რომელიც ამერიკელმა დიზაინერმა Main Bocher-მა 1937 წელს შეკერა. სიმპსონის და ედუარდ VIII-ს ქორწილი, რომელსაც წინ დიდი სკანდალი უძღოდა, წლების განმავლობაში განიხილებოდა. სიმპსონის ელეგანტური კაბა ვიწრო წელით დღემდე მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საქორწილო კაბად ითვლება. Main Bocher-ის გეომეტრიული სილუეტებით შექმნილ სამოსს, სიმპსონი ხშირად იყენებდა ყოველდღიურ ჩაცმულობაშიც.
ჰერცოგინიას კიდევ ერთი საყვარელი ბრენდი Schiaparelli გახლდათ, ის ასევე თანამშრომლობდა სალვადორ დალისთან, რომელმაც შექმნა პრინტი Schiaparelli-სთვის. სწორედ ამ სპეციალური პრინტით გაფორმებული კაბა 1937 წელს უოლის სიმპსონმა Vogue-ს გადაღებებზე მოირგო. სიმპსონი ხშირად წვეულებებსა და ღონისძიებებზეც ჩნდებოდა Schiaparelli-ს სამოსით და აქცენტს აკეთებდა გაბედულ, თამამ სტილზე, ფერების, პრინტებისა და ფორმების ინოვაციური გამოყენებით.
სიმპსონი უოლისი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დეტალებს, რომლებსაც ხშირად იმეორებდა ლუქების აწყობისას. მისთვის მნიშვნელოვანი იყო უნიკალური აქსესუარების ტარება და სამკაულების დიდი კოლექციაც ჰქონდა, რომელთა შორის აღმოაჩენდით Cartier-ის და Van Cleef & Arpels-ის ორიგინალურ ნიმუშებს. ედუარდ VIII ხშირად უკვეთდა უოლისისთვის პერსონალურ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან, ხშირად სხვადასხვა რომანტიკული წარწერითა და სიმბოლოებით გაფორმებულ სამკაულებსა და აქსესუარებს.
დაწერე კომენტარი