Hôtel de Roxie - ამ სახელწოდებითაა ცნობილი ლენი კრავიცის სახლი პარიზში. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობაში, რომელიც თავდაპირველად გრაფინია ანა დ'ორნანოს ეკუთვნოდა, კრავიცი 22 წელია ცხოვრობს, მუსიკოსმა სახლი არტეფაქტებით, ხელოვნების ნიმუშებითა და შუა საუკუნეების ავეჯით გააფორმა. კრავიცმა საკუთარ სახლს Hôtel de Roxie დედის - როქსი როკერის პატივსაცემად დაარქვა და როგორც თავად აღნიშნავს, ეს სახლი მისთვის პარიზში დედის ოცნების ახდენაა.
სახლში დიდი მნიშვნელობა სწორედ ლენი კრავიცის დედისა და წინაპრების პატივისცემას ენიჭება. "ეს სახლი მუდმივად პატივს სცემს ჩემს წინაპრებს და როცა სახლში დავდივართ, მათი ფოტოები ყველგან არის. მთელი ეს ფოტოგრაფია მოგვითხრობს ამერიკულ და აფრიკულ ისტორიას.’’ - ამბობს კრავიცი. მისთვის ყველაზე ძვირფასი სივრცე ბიბლიოთეკაა, სადაც შეხვდებით დედის კუთვნილ წიგნებს და ფოტოებს, მუჰამედ ალის და მისი ბაბუის - ალბერტ როკერის პორტრეტებს.
სივრცის დიზაინი სრულად გარდაქმნილია მუსიკოსის დიზაინის სტუდიის - Kravitz Design-ის მიერ. კრავიცი სახლის დიზაინის მთავარ შთაგონებად "სულიერ ელეგანტურობას" ასახელებს და სახლში კულტურულ გავლენებს - მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს. ეს ადგილი მუსიკოსის და მის ოჯახის ისტორიას, განვითარებასა და ემოციებს იდეალურად ასახავს. სახლის ინტერიერი სავსეა ტრადიციული აფრიკული ხელოვნების ნიმუშებით და არტეფაქტებით, სხვადასხვა ცნობილი ხელოვანის ნამუშევრებით, მათ შორის ენდი უორჰოლის, ჟან-მიშელ ბასკიასა და რიჩარდ ავედონის ნახატებით. ასევე, აქვე განთავსებულია ლეგენდარული მუსიკოსების, ჯეიმს ბრაუნის და ჯონ ლენონის სცენური სამოსი.
სახლის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია სარდაფში მდებარე წითლად განათებული მიწისქვეშა კლუბი, სახელწოდებით The Chaufferi. ორიგინალურ სივრცეში შეხვდებით 1940-იანი წლების გერმანულ მასიურ დისკო ბურთს, ვინტაჟურ ფრანგულ ბისტროს მაგიდებსა და დიჯეისთვის განკუთვნილ კუთხეს. ის აღჭურვილია პროფესიონალური სისტემებითა და მკრთალი წითელი განათებით, კრავიცი კლუბს სახლის „გულს და სულს“ უწოდებს, სადაც მისი ქალიშვილი ზოე კრავიცი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საღამოს.






დაწერე კომენტარი