პარიზის შუაგულში, 31 Rue Cambon-ზე მდებარე მე-18 საუკუნის შენობაში მოდის ლეგენდარული დიზაინერის, კოკო შანელის სახლი მდებარეობს, რომელიც 1918 წლიდან დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ ელფერს და საკულტო სტილისა და ელეგანტურობის მარადიული ანარეკლია. სახლი Chanel-ის ცნობილი მაღაზიის ზედა სართულზეა განთავსებული და თავისი გამორჩეული ინტერიერის დიზაინით, კოკო შანელის მიერ ჩაფიქრებული უნიკალური დეტალებით, თითოეული კუთხე ფრანგული მოდის სახლის კოლექციების შთაგონების წყაროდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შანელი არასდროს ათევდა ღამეს თავის აპარტამენტში, დიზაინერისთვის ის წლების განმავლობაში მთავარი შემოქმედებითი ცენტრი და ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო იყო, სწორედ აქ დაიბადა მრავალი დიზაინერული ნამუშევარი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.
ბინა სავსეა სიმბოლოებით, მრავალფეროვანი ტექსტურებით, ანტიკვარული ავეჯითა და ძვირფასი ნივთებით. დიზაინერი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა მე-17 და მე-18 საუკუნეების ჩინურ ნივთებს, რომლებიც სახლის დიდ ნაწილს აფორმებს. „მე ლოკოკინას ვგავარ, ჩემს სახლს თან ვატარებ“, - ამბობდა კოკო შანელი, რომლის ხედვამ, სილამაზის და ესთეტიკის აღქმამ სახლი მოდის, ხელოვნებისა და დახვეწილობის კერად აქცია. ხავერდოვანი ავეჯი, მოოქრული სარკეები, ბროლის ჭაღები და სარკისებური კიბეები - აქ თითოეული დეტალი და ყოველი კუთხე შანელის მიერ შექმნილ სამყაროში გვამოგზაურებს.
სარკეები სახლის განმეორებადი მოტივი და არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ ფუნქციური და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც სივრცეში სინათლე შეაქვს, გარდა ამისა, ორიგინალური, სარკისებური კიბეები დიზაინერმა ისე შექმნა, რომ ქვედა სართულზე მოეწყო ჩვენება. კოკო შანელი სპირალური კიბიდან ადევნებდა თვალს დეფილეს. სახლში შეხვდებით სხვადასხვა სიმბოლოებს, მათ შორის ლომების გამოსახულებებს. დიზაინერი ლომის ზოდიაქოს ნიშანშია დაბადებული და ეს მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ბევრ კუთხეში კი კამელიების მოტივებია - ყვავილის, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ფრანგულ ბრენდთან და წლებია მოდის სახლის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად რჩება.
კოკო შანელი თავის სახლში ხშირად მასპინძლობდა ისეთ ლეგენდარულ ხელოვანებს, როგორებიც არიან სალვადორ დალი, პაბლო პიკასო, ალბერტო ჯაკომეტი და ჟან კოქტო. მას შემდეგ, რაც 1983 წელს Chanel-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი კარლ ლაგერფელდმა დაიკავა, დიზაინერი ხშირად სწორედ ამ სახლს სტუმრობდა და მასში არაერთხელ იპოვა ახალი კოლექციებისთვის შთაგონება. შანელის გარდაცვალებიდან დღემდე სახლი პირვანდელ იერსახეს და განსაკუთრებულ დეტალებს იდეალურად ინარჩუნებს.
ფოტოს წყარო: Vogue, AD Magazine






დაწერე კომენტარი