თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა და სტუმრებს 7 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრ “ამირანში” უმასპინძლებს. წლევანდელ კინოფესტივალზე, რომელიც თიბისი კონცეპტისა და კინოხელოვნების ცენტრის, “პრომეთეს” ორგანიზებით იმართება, ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს ვნახავთ. Hammock Magazine გიზიარებთ 10 გამორჩეულ ფილმს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

003.jpg 177.92 KB
26-ე საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის  პიეტრო მარჩელოს ფილმი "დუზე", რომელიც ლეგენდარული იტალიელი თეატრის მსახიობის, ელეონორა დუზეს შესახებ - პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მისი ცხოვრების, სცენაზე დაბრუნებისა და ქალიშვილთან ურთიერთობის სირთულეებზე მოგვითხრობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. ელეონორა დუზეს როლს ფრანგი მსახიობი ვალერია ბრუნი ტედესკი ასრულებს, ხოლო დუზეს ქალიშვილს ნოემი მერლანი განასახიერებს.
MV5BODVlNDFlYTMtZTQ0ZS00MzFiLWEzNjAtOWYzOTgxOTBlMTYxXkEyXkFqcGc@._V1_.jpg 259.76 KB
რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმის, ‘’Nouvelle Vague’’-ის პრემიერა კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. "ახალი ტალღა" ჟან-ლუკ გოდარის ცნობილი ფილმის - “À bout de souffle”-ის გადაღების პროცესს და კინოს ისტორიის ლეგენდარული მომენტის - Nouvelle Vague-ის დაბადებას ასახავს. შავ-თეთრ ფილმში ჟან-ლუკ გოდარის როლს გიიომ მარბეკი ასრულებს, ხოლო ჟან სებერგისა და ჟან-პოლ ბელმონდოს როლებში ზოი დოიჩსა და ობრი დოლენს ვხვდებით.
image-w1280.jpg 413.27 KB
ჯაფარ ფანაჰის "უბრალო შემთხვევა" წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმია, რომელიც ირანში არსებული სისტემატური ძალადობისა და კორუფციის მწვავე კრიტიკას წარმოადგენს. ფილმი გვაჩვენებს, თუ როგორ იქცევა ძალადობა და უსამართლობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები მუდმივი შიშისა და ეჭვების ქვეშ.
wsm-2-cmyk-coated.jpg 958.67 KB
ჯო შმაიზერის დოკუმენტური ფილმი ‘’წინააღმდეგობის მომენტები’’ ნაცისტური ეპოქის ქალების ისტორიებს თანამედროვე პოლიტიკურად აქტიურ ქალებთან აკავშირებს. ფილმის პრემიერა ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მას შემდეგ ადამიანის უფლებებზე, ფემინიზმსა და ანტირასისტულ თემატიკაზე შექმნილი საფესტივალო პროგრამების ნაწილი გახდა. ფილმის მიზანია ზღვარი გაავლოს ისტორიულ ანტიფაშისტურ წინააღმდეგობასა და დღეს მიმდინარე ბრძოლას შორის ადამიანის უფლებების, სოლიდარობისა და სამართლიანობისთვის.
QVE_Still-2025-07-16-095511_1.15.2.jpg 1.55 MB
"Who Is Still Alive" - ნიკოლა ვადიმოვის ფილმია, რომლის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში - ‘’ავტორთა დღეებზე’’ შედგა. ფილმი მოგვითხრობს ცხრა ლტოლვილის შესახებ, რომლებმაც ღაზას კატასტროფას თავი დააღწიეს. თბილისის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებას დაესწრება რეჟისორი, რომელიც სეანსის შემდეგ მაყურებლის შეკითხვებს უპასუხებს.
Jeunes-Meres.jpg 80.88 KB
ჟან-პიერ და ლუკ დარდენების უახლესი ფილმია "ახალგაზრდა დედები", რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე საუკეთესო სცენარისთვის მიიღო ჯილდო. ფილმი მოგვითხრობს იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდა დედები აწყდებიან შვილებთან, სოციალურ სამსახურებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
sd.jpg 78.58 KB
სერგეი ლოზნიცას ფილმი  "ორი პროკურორი" საბჭოთა ბიუროკრატიულ და რეპრესიულ სისტემას ასახავს. რეჟისორი პარალელს ავლებს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ რუსეთს შორის. ისტორიული დრამა გიორგი დემიდოვის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. უკრაინელი რეჟისორის ფილმში პროკურორ კორნევის როლს  ალექსანდრ კუზნეცოვი ასრულებს, ხოლო ვიშინსკის როლს - ანატოლი ბელი.
944d1725-b382-40d9-be58-b203d2b271b6.jpeg 548.41 KB
My Tennis Maestro - ასე ჰქვია ანდრეა დი სტეფანოს ფილმს, რომელიც პირველად ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდა. ფილმის სიუჟეტი 1980-იანი წლების დასაწყისის იტალიაში ვითარდება და გვიყვება ჩოგბურთში ყოფილი ჩემპიონის, მაესტრო რაულ გატის შესახებ, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ მოზარდი ბიჭის მწვრთნელი ხდება და მის მთავარ შთაგონებად იქცევა.
Sound-of-Falling.jpg 79.29 KB
კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა მაშა შილინსკის ფილმმა, სახელწოდებით „დაცემის ხმა“. ფილმი ოთხ გოგონაზეა, რომლებიც ერთ ფერმაში, თუმცა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობენ. ფილმი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში გერმანიამ წარადგინა.
186665-scaled.jpg 178.36 KB
დაბოლოს, წლევანდელი კინოფესტივალის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფილმია დომინიკ მოლის “Case 137”. ეს არის კრიმინალური დრამა პოლიციის ინსპექტორის შესახებ, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და ინსტიტუციური კორუფციის საქმეს იძიებს. ფილმი ასახავს გამოძიებებისათვის დამახასიათებელ ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა კამერების ჩანაწერები, ინტერვიუები მოწმეებთან და მოვლენების რეკონსტრუქცია.