ჯერემი ალენი Louis Vuitton-ის ახალ, 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიაში Pusha T.-სთან ერთად მონაწილეობს. „მოგზაურობის ხელოვნება“ - ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც კრეატიული დირექტორის, ფარელ უილიამსის პარიზიდან მუმბაიმდე მოგზაურობებით არის შთაგონებული. Drew Vickers-მა თავის ობიექტივში მსახიობი და მუსიკოსი თვალწარმტაცი ხედების, უნიკალური ლანდშაფტების, გზების და რკინიგზების ფონზე აღბეჭდა, რაც მოგზაურობის არსს ეხმიანება და მის ემოციებს ასახავს. ჯერემი ალენი Louis Vuitton-ის ამბასადორი გასულ წელს გახდა და ეს მისი მონაწილეობით მეორე კამპანიაა ფრანგული მოდის სახლისთვის. 

„ჩვენ ვქმნით მოდას, მაგრამ ჩვენ სამოგზაურო სახლი ვართ,“ - აღნიშნავს ფარელ უილიამსი, რომელიც წარმატებით აგრძელებს Louis Vuitton-ის მოგზაურობასთან კავშირს. 2026 წლის მამაკაცის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ყოველდღიურ, კლასიკურ პიჯაკებს, შარვლებს, კოსტიუმებს, პერანგებსა და ქურთუკებს აერთიანებს. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია Louis Vuitton-ის ჩანთები და სამოგზაურო ჩემოდნები, მათ შორის ცნობილი Speedy P9, Keepall Bandoulière 50 და Speedy 25 Bandoulière x The Darjeeling ლიმიტირებული გამოშვების ჩანთები. ასევე ვხვდებით 2000-იანი წლების სკეიტბორდის ფეხსაცმლის შთაგონებით შექმნილ სპორტულ  LV Tilted-ს, რომელიც გაფორმებულია Louis Vuitton-ის მონოგრამის პრინტით.