აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, უაიომინგის მთიან რეგიონში კენდალ ჯენერის სახლი მდებარეობს, რომელიც მოდელის სამთო აგარაკია და გამორჩეულია ინტერიერის დიზაინით. კომფორტული და ნოსტალგიური სახლი ჯენერისთვის სიმყუდროვისა და ბუნების სიყვარულის სიმბოლოა და ის ამ სახლში დროს მაშინ ატარებს, როდესაც ლოს-ანჯელესის აჩქარებული და ხმაურიანი ყოველდღიურობიდან დასვენება სურს. სახლის ინტერიერის დიზაინზე Heidi Caillier-მა იმუშავა, რომელმაც მისი მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, ფერადი, "Grandma Chic" სტილის სივრცეები შექმნა, სადაც ბუნებრივ მასალებს, ვინტაჟურ დიზაინურ ობიექტებს, ავეჯსა და ფერთა პალიტრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კენდალმა არქიტექტორ Kirby Lee-სთან ითანამშრომლა. მოდელი საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც “Horse girl”, რომელმაც ეს ადგილი ბავშვობაში აღმოაჩინა და პირველი ზაფხულის გატარებისთანავე შეუყვარდა უაიომინგი. ნოსტალგიითა და ბუნების სიყვარულით, ბავშვობაში გატარებული დღეების შთაგონებით ჯენერს თავდაპირველად სურდა ძველი, მიტოვებული სახლი აღედგინა, თუმცა საბოლოოდ ახალი შენობის საკუთარი დიზაინით აგება გადაწყვიტა. 

კენდალის მთავარი სურვილი იყო სახლი ფერებით, ტექსტურებითა და ხელოვნების ნიმუშებით  ყოფილიყო სავსე, სწორედ ამიტომ სახლის ინტერიერში უამრავ საინტერესო ნივთს და  გამორჩეულ ელემენტებს აღმოაჩენთ. მისაღების ნაწილია დიდი ზომის Lee Jofa-ს Hollyhock Handblock სავარძელი, რომლის გარშემო ანტიკვარული ნივთები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტებია. აქ შეხვდებით Cherry Sunburst ფორტეპიანოს ლიმიტირებულ გამოშვებას და Yamaha-ს აკუსტიკურ გიტარას. აგარაკის ნაწილია ბუხარი, რომელსაც ცივ ამინდში სახლში სითბო და დამატებითი სიმყუდროვე შეაქვს. ოთახები გაფორმებულია უამრავი ნახატით და ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებით, ბუნებრივი მასალებითა და ფერთა საინტერესო კომბინაციებით. სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნივთია 2020 წლის Airstream Bambi, რომელსაც ჯენერმა სტუმრების ოთახი უწოდა.

ფოტო: Architectural Digest