ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მე-15 საუკუნის ციხესიმაგრე - Kilcoe Castle მდებარეობს, რომელიც ჯერემი აირონსმა ზედმიწევნით აღადგინა და დღეს ის მისი ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი სახლია. მსახიობმა ციხესიმაგრე 1990-იანი წლების ბოლოს შეიძინა. შენობის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შენარჩუნდა ნაგებობის ისტორიული სტრუქტურა - კედლები, გუმბათები, კოშკურები და ციხესიმაგრის პირვანდელი, ავთენტური ხასიათი. Kilcoe Castle ახლა ირლანდიის იმ რამდენიმე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს შორისაა, რომელიც სრულად აღადგინეს და საცხოვრებლადაც იყენებენ. 

Kilcoe Castle-ის ნაგებობა მე-15 საუკუნეში, დაახლოებით 1458 წელს აშენდა, წლების განმავლობაში ნაგებობას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. ციხესიმაგრის დაცემის შემდეგ, მე-20 საუკუნის შუა წლებში, სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყებოდა, ის მიტოვებული იყო. ციხესიმაგრის შეძენის შემდეგ, ჯერემი აირონსმა რეკონსტრუქცია დაიწყო, მსახიობი არქიტექტურისა და შენობების ისტორიის მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა, შესაბამისად, ნაგებობის ყოველ კუთხეზე -  როგორც გარე, ისე შიდა დიზაინზე - თავადაც ყურადღებით იმუშავა გუნდთან ერთად. 

აირონსი მონაწილეობდა ციხესიმაგრის შიდა სივრცის დაპროექტებაში, რომელიც გადაკეთდა საცხოვრებლად - მოეწყო მისაღები, მოსასვენებელი სივრცეები და დიდი საძინებლები, აშენდა კედლებისა და სივრცეების დამატებითი ნაწილები. აღდგენით სამუშაოებში, დიზაინისა და დაგეგმვის პროცესში ჩართული იყო ჯგუფები დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან, სარესტავრაციო მასალები კი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოიტანეს. 

ზედმიწევნით აღდგენილი Kilcoe Castle დღეს არა მხოლოდ ისტორიული ღირებულებით გამოირჩევა, არამედ მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განადგურების პირას მყოფი ისტორიული შენობა იქცეს თანამედროვე საცხოვრებელ სახლად, რომელიც ინარჩუნებს იდენტობას. 


ფოტო: Jeremy Irons