Alison Friend ბრიტანელი ხელოვანი და ილუსტრატორია, რომლის შემოქმედებაც ცნობილია იუმორით და ადამიანური ემოციების, ქცევების, ხასიათისა და განწყობის ცხოველებზე გადატანით. ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები აერთიანებს ძველ მეთოდებს თანამედროვე სტილთან და ხელოვანის უნიკალურ ხედვასთან. Friend-ის ცხოველების სურათები და ანტროპომორფული პერსონაჟები კარგად გადმოსცემს სხვადასხვა ემოციას.

Alison Friend-ის დამახასიათებელი ხელწერის გამო მის ნამუშევრებს ადვილად ამოიცნობთ. ცხოველები ხშირად დგანან ან სხედან, როგორც ადამიანები, ატარებენ სამოსსა და ისეთ აქსესუარებს, როგორებიცაა ჩანთები და სათვალეები, “კითხულობენ” წიგნებს, სხედან კაფეებში ან ჩართულნი არიან ყოველდღიურ რუტინაში. ანთროპომორფული პერსონაჟები უმეტესად სტატიკურ პოზაში არიან, რაც ხაზს უსვამს არა მოქმედებას, არამედ მათ შინაგან მდგომარეობას. 

Alison Friend-ის სტილი დეტალებზე ორიენტირებით გამოირჩევა, მისი ნამუშევრები ხასიათდება გეომეტრიული და დაბალანსებული კომპოზიციებით, რომლებსაც ძირითადად მინიმალისტური ფონი აქვთ. ნამუშევართა ფერებს Alison Friend დიდი დაკვირვებით არჩევს, ხშირად ვხვდებით ვარდისფერს, ნაცრისფერს, ღია ლურჯსა და კრემისფერს. Friend-ის შემოქმედება ადამიანური ქცევების დაკვირვებას ეფუძნება და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ დეტალებს ასახავს, ჩვეულებრივი მომენტები კი მის ნამუშევრებში განსაკუთრებულ ხიბლს იძენს.

ზეთით ხატვამ და ცხოველების უნიკალური ანთროპომორფული გამოსახულებების შექმნამ Alison Friend-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და მის ნამუშევრებს დღეს არაერთ მნიშვნელოვან გალერეაში შეხვდებით. ხელოვანი თავდაპირველად საბავშვო წიგნების ილუსტრირებაზე მუშაობდა, რასაც დღემდე აგრძელებს. მისი წიგნები გამოირჩევა ვიზუალური თხრობით, ტექსტისა და გამოსახულების შერწყმით, იუმორით, რომელიც სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვისაა გასაგები. Friend-ის ნამუშევრებს ხშირად ვხვდებით  გამოცემებში, ხელოვანი თანაშრომლობს ბრენდებთან, მოდასა და Lifesyle თემებზე, ქმნის ნამუშევრებს წიგნების ყდებისთვის, პოსტერებისა და სარეკლამო კამპანიებისთვის.