Maison Alaïa-მ ქალაქ პეკინში პირველი მაღაზია გახსნა, რომელიც მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, პიტერ მიულესა და შვედური დიზაინის სტუდიის, Halleroed-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ბელგიელი დიზაინერი პიტერ მიულე პროფესიით არქიტექტორია, რაც დიდ როლს თამაშობს მის კარიერაში - არქიტექტურული გამოცდილება მოდისადმი ხელოვანის უნიკალურ მიდგომას განსაზღვრავს. ეს გამოცდილება კარგად ჩანს Maison Alaïa-ს უახლეს მაღაზიაშიც როგორც  ფასადით, ისე ინტერიერის დიზაინით. პიტერ მიულე Alaïa-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად 2021 წელს დაინიშნა და პირველი დიზაინერია, ვინც სახლის დამაარსებლის, აზადინ ალაიას გარდაცვალების შემდეგ ბრენდს სათავეში ჩაუდგა.

მაღაზიის კარარას მარმარილოს ფასადი გაფორმებულია წრიული, ათეულობით ფანჯრით, რომლებიც Alaïa-სთვის დამახასიათებელი პერფორირებული მოტივითაა შთაგონებული. მონუმენტური და მინიმალისტური დიზაინი, სკულპტურული ფორმებით ასახავს ბრენდის ძირითად პრინციპებს. მაღაზიის პირველი სართული ეთმობა სხვადასხვა ნამუშევარს - დიზაინერულ ობიექტებს და ავეჯის შერჩეულ მოდელებს, მათ შორის სკამებს პოლ პუარეს დიზაინით. მეორე სართულზე წარმოდგენილია Alaïa-ს კოლექციები - სამოსი, აქსესუარები და ფეხსაცმელები. მაღაზიის ყოველი კუთხე აქცენტს აკეთებს ხელობაზე, ინტერიერის დიზაინის ორიგინალური გადაწყვეტითა და მასალების მრავალფეროვნებით.