წყნეთის ტყიან ფერდობზე, ფიჭვებს შორის მოქცეულია Wunderwerk-ის პროექტი, რომელიც გამორჩეულია დახვეწილი დიზაინით და მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისითაც. კერძო საცხოვრებელი სახლი ეხმიანება გარემოს და ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს, შენობა მიწას მხოლოდ წერტილოვნად ეხება, ლანდშაფტი კი აღიქმება, როგორც არქიტექტურის თანაავტორი. Wunderwerk-ის პროექტი „ArchDaily”-ის ყოველწლიური კონკურსის „Building of the Year“ წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობის ნომინანტთა სიაში მოხვდა და ასევე ნომინირებულია ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ ჯილდოზე - EUmies Awards-ზე. პროექტის შესახებ ვრცლად მოგვიყვება Wunderwerk-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი გიგი შუკაკიძე:
რა გავლენა ჰქონდა პროექტზე მის ლოკაციას, მიმდებარე გარემოს და წყნეთის ლანდშაფტს?
პროექტი ლოკაციის ლოგიკიდან განვითარდა. წყნეთი ტრადიციულად აღიქმებოდა, როგორც თბილისისგან გაქცევის სივრცე ‐ ბუნებრივი ფილტრი, მთის ჰავა და ტყის მასივები, სადაც არქიტექტურა ბუნებასთან თანაცხოვრების ფორმად ყალიბდებოდა. თუმცა ბოლო ათწლეულებში ეს ლანდშაფტი შეცვალა იზოლაციის არქიტექტურამ ‐ გალავნებმა, რომლებმაც სივრცის სოციალური ქსოვილი გაჭრა. სახლი მდებარეობს გარდამავალ ზონაში, სადაც განაშენიანება იფანტება და იწყება სარეკრეაციო ტყე. მის მიმდებარედ არსებული ხეობა ბუნებრივი სავენტილაციო არტერიაა, რომელიც ქალაქსა და მთას აკავშირებს. რთულმა რელიეფმა და არსებული ხეების სტრუქტურამ განსაზღვრა პროექტის მთავარი, მინიმალური ჩარევის პრინციპი. შენობა მიწას მხოლოდ წერტილოვნად ეხება, ლანდშაფტი კი აღიქმება, როგორც არქიტექტურის თანაავტორი და არა ფონური დეკორაცია.
რატომ არის სახლი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით?
ეს სახლი ერთდროულად ეკოლოგიური და კულტურული განცხადებაა. გარემოსდაცვითად, შენობა არ ახდენს რელიეფის გადაკეთებას და არ წყვეტს ბუნებრივ ქსოვილს: ის ლანდშაფტიდან იზრდება ისე, რომ მიწის ზედაპირი და მცენარეული საფარი უწყვეტად აღიქმებოდეს. ლანდშაფტის დიზაინზე იმუშავა სტუდია რუდერალმა, რომლის ამოცანა იყო ქუჩის გადაღმა არსებული ტყის გადმოწევა ჩვენს ეზოში. ადგილობრივი ხეებისა და მცენარეების სახეობებით იქმნება ბუნებრივი უწყვეტობა, თითქოს ტყე თავად შემოდის სახლამდე. სოციალურად კი პროექტი შეგნებულად უარყოფს გალავნის არქიტექტურას ‐ იმ ფენომენს, რომელმაც პოსტ‐საბჭოთა წყნეთში შიში და იზოლაცია სივრცით ნორმად აქცია. პირადი სივრცე აქ მიიღწევა არა კედლით, არამედ ბუნებრივი ელემენტებით: ხეებით, რელიეფით, სივრცითი დისტანციით. ეს არქიტექტურული პოზიციაა: უსაფრთხოება შეიძლება არსებობდეს გამიჯვნის გარეშე.
მოგვიყევით სახლის მთავარი მახასიათებლების და არქიტექტურული ხასიათის შესახებ…
ეზოს რელიეფის დახრილობის გამო ჰორიზონტალურად გადასაადგილებელი სივრცეები შეზღუდულია, ამიტომ მიწისპირა სართულის მეოთხედი დათმობილია ტერასისთვის, რომელიც შიდა და გარე სამყაროს შორის მედიატორის როლს თამაშობს. ამ ტერასის მიმართულება და ვიტრაჟების კუთხით გახსნილი სისტემა მიზნად ისახავს შიდა და გარე საზღვრების ბუნდოვნად გაქრობას. ზედა სართულზე, საძილე ზონაში თითოეული ღიობის პოზიცია პეიზაჟისადმი დაკვირვებითაა შერჩეული. აქ ფანჯრები არა მხოლოდ განათების წყაროა, არამედ ხედის ჩარჩოები: ტყის ხედი იქცევა ინტერიერის განუყოფელ კომპონენტად. გარედან ღიობები იკეტება ხის დასაკეცი დარაბებით, ხოლო თვითონ ბეტონის მასა ჩამოსხმულია უხეში ხის ფიცრებისგან დამზადებულ ფორმებში. ხის ტექსტურის ბუნებრივი დაძველება და განაცრისფრება დროთა განმავლობაში ამ სინთეზს უფრო მკაფიოს გახდის და ორგანულ მთლიანობად იქცევა.
რა იყო Wunderwerk‐ისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად?
სახლის შინაარსი ცდილობს წაშალოს წარსულის მიერ აგებული, გალავნებში მოქცეული ცხოვრების კულტურული დეფორმაცია და აღადგინოს ის უშუალობა, რომელიც ოდესღაც ამ ადგილს ადამიანთან აკავშირებდა. ფიზიკურ გამოწვევად იქცა რთული ფერდობი და გეოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე მასიური არქიტექტურული ფორმის ლანდშაფტთან ჰარმონიული შერწყმა ისე, რომ შენობა არ გამხდარიყო დომინანტი ობიექტი. გამოსავალი გახდა სტრუქტურის აწევა და მასის „გამოთიშვა“ მიწიდან, რის შედეგადაც ბეტონის მოცულობა თითქოს ჰაერშია დაკიდებული, ხოლო ქვედა, გამჭვირვალე სართული ვიზუალურ სიმძიმეს ამსუბუქებს.
როგორ ეხმიანება სივრცის ინტერიერის დიზაინი და შიდა ატმოსფერო სახლის არქიტექტურასა და ექსტერიერს?
ინტერიერის შიდა დეტალებშიც ფასადის პრინციპია შენარჩუნებული: ხის ფიცრებით დამზადებული დარაბული სისტემა სამზარეულოს შიდა სამუშაო კომპონენტებს და საერთო ოთახს შორის შირმის ფუნქციას ასრულებს ‐ ფასადის უწყვეტი ტექსტურა გადმოჰყავს ინტერიერში. გარემოს ნიშნები ინტერიერის ჭერზეც მონაწილეობენ. კიბის უჯრედისა და საძინებლების ტამბურის ჭერი მთლიანად შემინულია. ცაზე კონცენტრაცია მოძრაობას ანელებს და ახალ სივრცეებში გადასვლას უფრო მედიტაციურს ხდის. ინტერიერის სცენარი სრულდება ბუხრიანი ოთახით, რომელიც პეიზაჟთან უშუალო დიალოგში შედის ‐ როცა ვიტრაჟები და დარაბები მთლიანად იხსნება, ოთახი ტყის ნაწილად იქცევა. ამგვარად, სახლის მონოლითური სხეული თითქოს ჰაერში აღმართული „წყნეთური გალავანია“, რომლის დახურულ იერს მხოლოდ საძილე ფუნქციისთვის საჭირო მყუდროება აყალიბებს. მისი ქვედა სართული კი პირიქით ‐ ღია, კომუნიკაციური და ექსტრავერტულია: იწვევს ტყეს შიგნით, შუქს ოთახებში, ჰაერს ყოველდღიურობაში…
გუნდი:
გიგი შუკაკიძე
ნიკოლოზ ლომიძე
ბარბარე კაჭარავა
ირინა დიხამინჯია
ფოტოგრაფია:
ანგას ლიდლი ბრაუნი
კონსტრუქციული ინჟინერია (სტრუქტურა):
Q Engineering
საინჟინრო სისტემები (MEP) / გათბობა–გაგრილება–ვენტილაცია (HVAC):
Casa Calda
ლანდშაფტის არქიტექტურა:
Ruderal










დაწერე კომენტარი