‘’The Agony and the Ecstasy’’ - ასე ჰქვია Schiaparelli-ის ახალ, 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, რომლითაც დენიელ როუზბერმა პარიზის მაღალის მოდის კვირეული გახსნა. ყოველ სეზონზე როუზბერი თავის ზღაპრულ, ენიგმატურ, ანთროპომორფული არსებებით შთაგონებული სილუეტებით სავსე სამყაროში გვამოგზაურებს, უახლესი კოლექციის მთავარი ინსპირაცია კი სიქსტის კაპელას ჭერია, რომელიც მე-16 საუკუნეში რომში, მიქელანჯელოს მიერ ფრესკის ტექნიკით შეიქმნა და ფასდაუდებელ შედევრს წარმოადგენს. იტალიაში მოგზაურობისას ამერიკელი დიზაინერი აღფრთოვანდა თაღოვანი ჭერით, რამაც მისი ფანტაზია კიდევ უფრო გაამდიდრა. ამგვარად, როუზბერმა თავისი პირველი ესკიზების ხატვა დაიწყო, რასაც საბოლოოდ ხელოვნების ნიმუშად ქცეულ Haute Couture კოლექციამდე და სახანაობრივ, კინემატოგრაფიულ ჩვენებამდე მივყავართ.
ქვეწარმავლებისა და არაქნიდების არქეტიპები, მორიელის კუდები, გველის კბილები, ქიმერას მსგავსი სილუეტები, ფრთები, ბუმბულები, ნაქარგები და 3D ეფექტები კოლექციას დრამატულ ხასითს სძენს და როუზბერის ფანტაზიას აცოცხლებს. კოლექციაში წარმოდგენილია ქურთუკები, პიჯაკები, კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ხელით მოიხატა, შეიქმნა სხვადასხვა ორიგინალური და მდიდრული ქსოვილით, ათასობით კრისტალით, თვლებითა და ბუმბულებით, ნეონის ფერთა პალიტრით, მაქმანებით და იმ ზღაპრული ეფექტების გამოყენებით, რაც Schiaparelli-ის წლევანდელ კოლექციას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს ხდის. თითოეული სამოსისა და აქსესუარის შექმნაზე Schiaparelli-ის გუნდი თვეების განმავლობაში მუშაობდა და ყოველ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დენიელ როუზბერი ყოველ ახალ კოლექციაში გამოხატავს მოდის სახლის მდიდარი მემკვიდრეობისა და ელზა სკიაპარელისადმი პატივისცემას. ‘’The Agony and the Ecstasy’’ კოლექციის შექმნისას როუზბერიმ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ელზა სკიაპარელის ცხოველთა სამყაროსადმი, ზღვისა და ცის არსებებისადმი გატაცებას და ინტერესს, ასევე მის საყვარელ ნახატს „ჩიტები გალიაში“, რომელიც პაბლო პიკასომ 1937 წელს დახატა და ამ მოტივით ბევრი აქსესუარის, ფეხსაცმლისა და კოსტიუმის შექმნისას იხელმძღვანელა.




დაწერე კომენტარი