ოსაკაში მდებარე Espace Louis Vuitton ჯეფ კუნსის გამოფენას - ‘’Paintings and Banality’’-ს მასპინძლობს. გამოფენა ორ მოვლენას აღნიშნავს - Espaces Louis Vuitton-ის 20 წლისთავს და Fondation Louis Vuitton Hors-les-murs-ის პროგრამის 10 წლისთავს. ამ საერთაშორისო ინიციატივით Louis Vuitton-ის მნიშვნელოვანი კოლექციიდან სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრები ტოკიოში, მიუნხენში, ვენეციაში, პეკინში, სეულსა და ოსაკაშია წარმოდგენილი, რითაც Louis Vuitton ხელოვნებისადმი პატივისცემას აგრძელებს და ბრენდის ხედვა გლობალურ აუდიტორიამდე მიაქვს. ჯეფ კუნსის გამოფენა ოსაკაში 20 თებერვალს გაიხსნა და 5 ივლისამდე გაგრძელდება, ის ასახავს კუნსის შემოქმედებას 1980-იანი წლებში შექმნილი სერიებიდან დაწყებული, უახლესი მონუმენტური ნამუშევრებით დამთავრებული.
ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეფ კუნსი ერთმანეთთან აკავშირებს კონცეპტუალურ ხელოვნებას და პოპ კულტურას. მისი შემოქმედება ეფუძნება ყოველდღიური საგნების, საყოფაცხოვრებო ნივთების რეპროდუქციას. ‘’Paintings and Banality’’ გამოფენა კარგად ასახავს, თუ როგორ ანიჭებს კუნსი მნიშვნელოვან ღირებულებას საგნებს, რომლებიც ხშირად ტრივიალურად არის მიჩნეული და მათ როგორც სიმბოლურ, ისე ემოციურ დატვირთვას აძლევს.
კუნსმა საერთაშორისო ყურადღება 1980-იანი წლების შუა პერიოდში მიიპყრო, განსაკუთრებით ინსტალაციების სერიით, რომელშიც სამომხმარებლო ნივთებს “პლექსიგლასის” ორგანული მინის, ვიტრინებს მიღმა წარმოადგენდა. მტვერსასრუტები, ხალიჩების საწმენდები და სპორტული ინვენტარი კუნსის შემოქმედებაში ხელოვნების ნიმუშებად გვევლინება. 1988 წლისთვის კუნსი პერსონალური ობიექტების შექმნაზე გადავიდა და წარადგინა სერია - Banality, რომლიდანაც ოსაკას გამოფენაზე ვხვდებით ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა Woman in Tub და Wild Boy and Puppy.
აღსანიშნავია, რომ ხელოვანის შემოქმედებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სარკისებრ, გლუვ და პრიალა, ამრეკლავ ზედაპირებს. მსგავსი ნამუშევრებიდან გამოფენაზე წარმოდგენილია სკულპტურა, სახელწოდებით „პატარა გოგონა“, რომელშიც მნახველები საკუთარ ანარეკლს ხედავენ და ფსიქოლოგიურად უკავშირდებიან კომპოზიციას. აქვე ვხვდებით ტილოებს, რომლებიც სავსეა სიმბოლოებით, მრავალფეროვანი პალიტრით და გრაფიკული ელემენტებით.






დაწერე კომენტარი