Louis Vuitton-ის ლეგენდარული მონოგრამის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ფრანგულმა მოდის სახლმა ლონდონში სამსართულიანი, ინტერაქტიული სივრცე, დროებითი Pop-up ‘’სასტუმრო’’ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს რეალური სასტუმრო არ არის და სტუმრები აქ დარჩენას ვერ შეძლებენ, თუმცა კონცეფციით, Pop-up სივრცე ბრენდის საინტერესო პროექტია და შესაძლებლობას გვაძლევს დეტალურად გავეცნოთ Louis Vuitton-ის მონოგრამულ სამყაროს და მის ისტორიას. თითოეული სართული ბრენდის ცნობილი ჩანთებისა და მათი დიზაინის მიხედვითაა შექმნილი, მათ შორისაა Speedy, Keepall, Noé, Alma და Neverfull. მონოგრამი პირველად 1896 წელს Georges Vuitton-მა მამის პატივსაცემად შექმნა, წლების განმავლობაში ის მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიშნად იქცა და საუკუნეზე მეტია Louis Vuitton-ის მემკვიდრეობისა და მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
მოგზაურობა იწყება Keepall-ის მისაღებით, რომელიც შთაგონებულია 1930 წელს შექმნილი სამგზავრო ჩანთის გარდამტეხი სტილით. აქ სტუმრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ სამოგზაურო აქსესუარები და ატრიბუტიკა, როგორებიცაა პასპორტის ჩასადები, ქალაქის გზამკვლევები და ვინტაჟური სამოგზაურო პოსტერებით შთაგონებული საფოსტო ბარათები. ასევე სივრცეში შესაძლებელია სამგზავრო ჩანთების შეკეთებისა და აღდგენის სერვისით სარგებლობა. მეორე სართულზე მდებარეობს Café Alma, რომელსაც სახელი პარიზის Place de l’Alma-ს შთაგონებით, 1992 წელს შექმნილი ჩანთის მიხედვით დაერქვა. არტ დეკოს სტილის კაფე დღის განმავლობაში სტუმრებს შამპანურით, ყავით, ჩაითა და ბრიტანული საკონდიტრო ნაწარმით უმასპინძლდება.
ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანთის - Speedy-ის მოდელებითაა სავსე Speedy Room, რომელიც დიზაინით სასტუმროს ნომერს მოგვაგონებს. ამავე სივრციდან არის გასასვლელი Speedy P9 ოთახში, რომელიც Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის - ფარელ უილიამსის ინტერპრეტაციით შექმნილ Speedy-ის ფერად და თანამედროვე მოდელს ეძღვნება. აქვე, სააბაზანო ოთახში წარმოდგენილია Louis Vuitton-ის უახლესი კოსმეტიკის პროდუქტები და სუნამოები. ინტერაქტიულ სივრცეში აღმოაჩენთ შამპანურის ბარს, სახელწოდებით Bar Noé, რომელიც ეხმიანება 1932 წლის დიზაინს. სივრცის ყველა დეტალი, იქნება ეს ავეჯი თუ დიზაინერული ობიექტი, Louis Vuitton-ის უნიკალურ ხელობაზე მიუთითებს, რაც უკვე მრავალი წელია ბრენდს საფუძვლად უდევს და მის მემკვიდრეობას განსაზღვრავს.






დაწერე კომენტარი