Dior ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით Dioriviera-ს საზაფხულო კოლექციისადმი მიძღვნილ კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მოდელი - სანდრო ვეფხვაძე მონაწილეობს. ფოტოგრაფ გრეი სორენტის მიერ გადაღებული კამპანია შთაგონებულია ზაფხულის განწყობითა და ხასიათით, ხაზს უსვამს სეზონის ესთეტიკას, ბუნებასთან სიახლოვესა და ჰარმონიას. სანდრო ვეფხვაძისთვის ეს Dior-თან პირველი თანამშრომლობაა. ქართველი მოდელი რამდენიმე თვის წინ Dolce & Gabbana-ს 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მონაწილეობდა. წელს მოდელი ასევე ვიხილეთ Massimo Dutti-ის და Situationist-ის კამპანიებში. 

2026 წლის Dioriviera კოლექცია ზაფხულისთვის აქსესუარებსა და სამოსს მოიცავს, მათ შორის ზოლიანი, ყვავილოვანი პრინტებით გაფორმებულ კაბებს, შორტებს, პერანგებს, მაისურებსა და შარვლებს. წარმოდგენილია ახალი ჩანთები, მაგალითად, Dior Book Tote, საზაფხულო ლოფერები და სანდლები, სანაპიროს პირსახოცები სხვადასხვა პრინტით, მზის სათვალეები და ატლასის შარფები. აღსანიშნავია, რომ ჯონათან ანდერსონის ახალი კოლექციის ნაწილი ფრანგი მხატვრის, კრისტიან ბერარის ნამუშევრებს ეფუძნება. ფერწერული პრინტები და ფერის აქცენტები Dior-ის მარადიულ სილუეტებს მხატვრულ იერსახეს სძენს.