ნამდვილი ხელოვნება, ნამდვილი მუსიკა რომ უკვდავია და დროს მარადიულად უძლებს, ამას იდეალურად მოწმობს ინოლა გურგულიას გასაოცარი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი შემოქმედება. გენიალური ქართველი მუსიკოსის ნამუშევრებს დრო ვერაფერს აკლებს და ისინი წლებთან ერთად მუდმივად ინარჩუნებს აქტუალურობას. აღსანიშნავია, რომ ინოლა გურგულიას სიმღერები, მისი დამახასიათებელი სტილი, საინტერესო და გამორჩეულია სხვადასხვა თაობის მსმენელისთვის. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას შემოქმედების პატივსაცემად, 7 ვინილისგან შემდგარი უნიკალური ვინილის ნაკრები შეიქმნა. ის 1950-1970-იანი წლების 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს, რომლებიც 5 ერთმანეთისგან განსხვავებულ აუდიოალბომშია თავმოყრილი და უნიკალურია იმითაც, რომ ბევრ აქამდე უცნობ არქივულ მასალას მოიცავს.





დათო შუღლიაშვილი:
“თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ინოლას ჩანაწერები მის სიცოცხლეში არ გამოცემულა, 60-იანი წლების ბოლოს ინოლას ტრიოს მისცეს ნებართვა, რომ რამდენიმე პატარა ფირფიტაზე გამოეცათ ჩანაწერები, თუმცა უშუალოდ ინოლას ცალკეული, მარტო შესრულებული სიმღერები ხელიდან ხელში ჩანაწერებით გადადიოდა და ვრცელდებოდა. ინოლას მუსიკისა და შემოქმედების მიმართ დიდი ინტერესი კი ყოველთვის არსებობდა, მის სიცოცხლეში და შემდეგ. 1999 წელს გამოვეცით ინოლას ბოლო ჩანაწერი, რის მერეც დაიწყო ინოლას სიმღერების პოპულარიზაცია ახალ თაობაში და ჩანაწერების ხელახლა გაჟღერება. ახალი ვინილის ნაკრების იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ინოლას საარქივო ჩანაწერები, მათ შორის - მისი გარდაცვალების შემდეგ სახლში აღმოჩენილი, მაგნიტოფირიდან აღებული უნიკალური ადრეული და მივიწყებული ჩანაწერები. შესაბამისად, ინოლას მოყვარულთათვის ეს პროექტი და ისეთი სიმღერების მოსმენა მისი შესრულებით, რომლებიც გავრცელებული არ არის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა.
ჩანაწერებს სჭირდებოდა აუდიორედაქტირება, გაწმენდა და სხვადასხვა პროცესის გავლა, რაც თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით მოხერხდა და ასეთ მასშტაბურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ჩანაწერები რედაქტირებულია იმდენად, რამდენადაც ეს შეიძლებოდა - საარქივო ჩანაწერებში ინოლას ხმა და მისი შესრულების დამახასიათებელი ელფერი ნამდვილად კარგად ჩანს. 7 ვინილისგან შემდგარი ნაკრები 5 ალბომს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობისაა, თითოეული კი საინტერესო და უნიკალურ ჩანაწერებს მოიცავს. ფირფიტაზე შეგროვდა სულ 100 ჩანაწერი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი რიცხვია, მათგან ბევრია ისეთი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ზოგიერთი სიმღერა მეორდება სხვადასხვა ჩანაწერში, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი მათგანი არ არის ერთი და იგივე შესრულება. ყოველ შესრულებაში გარკვეული ელემენტები და ნიუანსები იკითხება, რომლებიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს და შესაბამისად, ვისაც უყვარს ეს სიმღერები და ინოლას შესრულება, მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ერთი და იმავე სიმღერის ორი და ზოგჯერ სამი ვარიანტი.”
სოფო კიკვაძე, თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ხელმძღვანელი:
“ინოლა გურგულიას 7-ფირფიტიანი კრებული ბუნებრივი გაგრძელებაა იმ კულტურული ხაზის, რომელსაც თიბისი კონცეპტი უკვე რამდენიმე წელია ავითარებს. იდეა წამოვიდა ქალბატონი ინოლას შვილისგან, რომ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა თანამედროვე მსმენელისთვის არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ ღირსეულად ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კომპოზიტორის ოჯახთან მჭიდრო თანამშრომლობას - სწორედ მათი ჩართულობით მოხერხდა უნიკალური, ბევრისთვის უცნობი საარქივო ჩანაწერების მოძიება და აღდგენა.
პროექტის რეალიზაცია მრავალსაფეხურიანი და საკმაოდ რთული პროცესი იყო, მასში ერთიანდებოდა საარქივო მასალის აღდგენითი სამუშაოები, ხმის დამუშავება, კონცეპტუალური დიზაინი და საბოლოოდ, გერმანიაში მაღალი ხარისხით ვინილის ფირფიტების დაპრესვა. თითოეული დეტალი გათვლილია იმაზე, რომ მსმენელს შევთავაზოთ არა მხოლოდ მუსიკა, არამედ სრულყოფილი კულტურული გამოცდილება.
თიბისი კონცეპტისთვის მსგავსი პროექტები მხოლოდ ერთჯერადი კულტურული აქტივობა არ არის, ეს უკვე ჩამოყალიბებული ტრადიცია და სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გადააზრებასა და ახალი სიცოცხლის მინიჭებას.
ინოლა გურგულიას კრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს მასშტაბურ, ისტორიულ და არქივზე დაფუძნებულ ნამუშევარს, რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში უნიკალურია. წინა წლების გამოცდილებამ - ნანი ბრეგვაძისა და გიული ჩოხელის ფირფიტების გამოცემამ ნათლად დაგვანახვა, რამდენად დიდია მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობა როგორც კულტურის, ისე საზოგადოებისათვის.
ამ პროექტებით თიბისი კონცეპტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოზიციას - ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური სერვისების პროვაიდერი, არამედ აქტიური მონაწილე ქვეყნის კულტურული ცხოვრების, ინიციატორი და მხარდამჭერი იმ პროექტებისა, რომლებიც ქმნის ღირებულებას და ტოვებს მემკვიდრეობას.”
დაწერე კომენტარი