კუნსტჰალე თბილისი ReWoven-თან თანამშრომლობით წარმოადგენს ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით „უცხოთა ლოცვა“. გამოფენა თბილისის ხელოვნების ბაზრობის პარალელურად იმართება, 18 მაისს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 22 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. Prayer of the Outsiders უნიკალურ სივრცეში - მშვიდობის კათედრალში მიმდინარეობს, სადაც ერთ ჭერქვეშ ერთიანდება ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ირინა პოპიაშვილის კურატორობით, გამოფენაზე მონაწილეობენ თანამედროვე, ახალგაზრდა ხელოვანები ანასტასია ახვლედიანი, მარი ბაბაევი, თამარ გურგენიძე, ქეუ მეფარიშვილი, ჯია ჯია ჩენი, რომელთა ნამუშევრები სოფელ ლამბალოდან ანონიმური ავტორების მიერ შექმნილი ისტორიული სალოცავი ხალიჩების გვერდითაა წარმოდგენილი.
სოფელ ლამბალოს ძველი მეჩეთის ისტორიული სალოცავი ხალიჩები, რომელიც ყარაჯალის/იორმუღანლოს აზერბაიჯანული დასახლების ნაწილია, 1950-1990 წლებით თარიღდება. სალოცავი ხალიჩები ჯერ კიდევ 2021 წელს წარმოდგენილი იყო მეჩეთში, თუმცა 2023 წელს ადგილზე ჩასულმა reWoven-ის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ხელით ნაქსოვი ხალიჩები იმპორტირებული, მანქანური წესით დამზადებული ხალიჩებით ჩანაცვლდა. 20 ისტორიული ხალიჩა reWoven-მა ლამბალოს იმამის ნებართვით აღადგინა. ახლა მშვიდობის კათედრალის ცენტრალურ სივრცესა და მეჩეთში გამოფენილ ხალიჩებს უნიკალური კულტურული კონტექსტი აქვს და ისინი ტექსტილის ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშებს და რელიგიურ ობიექტებს წარმოადგენს.
ხალიჩები წარმოდგენილია ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად, რომლებიც ტრადიციულ თემებსა და მედიუმებს მათ თამამ მხატვრულ განაცხადად გარდაქმნიან. გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებს შორის არის ანასტასია ახვლედიანის ნამუშევარი, სახელწოდებით „სად ნახა ფიროსმანმა ჟირაფი?“ და მარი ბაბაევის ტექსტილის სერია „სახლის ტარება“, რომელიც კულტურული მრავალფეროვნებისა და იდენტობის საკითხებს ეხმიანება. აქვე აღმოაჩენთ ქეუ მეფარიშვილის ფოლადისა და ალუმინის სკულპტურებს, სახელწოდებით „მკურნალი“ და „ერთიანობა“, რომლებიც ქართული ხატწერის უძველეს ტექნიკას, მდიდარ ეროვნულ სიმბოლიკასა და ორნამენტაციას თანამედროვე ცხოვრების თემებთან აერთიანებს.




დაწერე კომენტარი